Thumbnail

ნახეთ: ჰონგ კონგში ვარდისფერი დელფინები დაბრუნდნენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთის სამხრეთით მდებარე ჰონგ კონგის ადმინისტრაციული რეგიონის სანაპიროსთან იშვიათი სახეობის ვარდისფერი დელფინები დაბრუნდნენ. მდინარე ჯუძიანის დელტაში ძუძუმწოვართა მომრავლება მას შემდეგ შენიშნეს, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანამ საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა.

მამრი დელფინები ერთმანეთს პარტნიორის მოხიბლვაში ეხმარებიან

ინდოეთის ოკეანის კუზიანი დელფინები, რომლებიც ასევე ჩინური ვარდისფერი დელფინების სახელით არიან ცნობილი, მეცნიერებს ამ ადგილებში ექვსი წელია ფაქტობრივად არ უნახავთ. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის წარმომადგენლებმა ქვეყნის სამხრეთ სანაპიროების მიტოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჰონგ კონგსა და მაკაუს შორის ჩქაროსნული ბორნების მოძრაობა დაიწყო. 2019 წელს მკვლევრებმა ახლომახლო სულ 52 ინდივიდის მოძიება შეძლეს, თუმცა წელს მათი რაოდენობა ჯუძიანის დელტაში უკვე რამდენიმე ათასს აღემატება.

 

მკვლევართა ჯგუფმა ლინდსი პორტერის ხელმძღვანელობით ჰონგ კონგის სანაპიროსთან დაბრუნებული დელფინების შესწავლა გადაწყვიტა. ისინი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ზღვაში გავიდნენ, წყალში მოსასმენი აპარატურა განათავსეს და დრონების საშუალებით ძუძუმწოვრების გადაადგილებას დააკვირდნენ. მეცნიერებს ვარდისფერი დელფინების პოპულაციის აღდგენის იმედი აქვთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათ ჩინეთის სამხრეთ ნაპირებთან, სავარაუდოდ, სხვა ადგილებიდან მოცურეს.

მკვლევართა განცხადებით, მარტის თვის შემდეგ ვარდისფერი დელფინების რაოდენობა ჰონგ კონგის სანაპიროს სიახლოვეს 30 პროცენტით გაიზარდა. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით კი, ამ დროისთვის მდინარე ჯუძიანის დელტაში დაახლოებით 2,500 დელფინი ბინადრობს. თუმცა, მეცნიერები შიშობენ, რომ შობადობის კლების ფონზე ამ იშვიათი სახეობის წარმომადგენელთა საერთო რაოდენობა დროთა განმავლობაში საგრძნობლად შემცირდება. ვარდისფერი დელფინების დასაცავად უახლოეს მომავალში ჰონგ კონგში სპეციალიზებული საზღვაო პარკების გახსნა იგეგმება. ამის გარდა, სპეციალისტები ამ რაიონში ბორნით გადაადგილების შეზღუდვას კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლო ამბები