Thumbnail

ბოლო ერთ კვირაში ილონ მასკი 13 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ბოლო ერთი კვირაში 13 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა. დღეისთვის მისი ქონება საერთო ჯამში 107 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Tesla -ს ელექტრომობილები მალე მძღოლის გარეშე შეძლებენ მოძრაობას

სამხრეთაფრიკული წარმოშობის ბიზნესმენის ქონებამ ამ ნიშნულს მას შემდეგ მიაღწია, რაც 11-დან 18 სექტემბრამდე დროის პერიოდში Tesla-ს აქციების ღირებულება 19 პროცენტით გაიზარდა. ამას წინ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასის მკვეთრი ვარდნა უძღვოდა. მილიარდერისთვის განსაკუთრებით წამგებიანი 8 სექტემბერი აღმოჩნდა, როდესაც მათი ღირებულება 21 პროცენტით შემცირდა. თუმცა, მომდევნო დღეებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ილონ მასკის ქონებას 13 მილიარდი აშშ დოლარი შეემატა. სპეციალისტთა მოსაზრებით, ამის მიზეზი მის მიერ 22 სექტემბრისთვის დაანონსებული სიახლეებია, რამაც ინვესტორების დაინტერესება გამოიწვია.

გამოცემა Bloomberg-ის მიერ 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ილონ მასკი მესამე ადგილზეა. ფოტო: Bloomberg

შეგახსენებთ, რომ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში Facebook-ის თანადამაარსებელ მარკ ცუკერბერგს გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად რეიტინგს 175 მილიარდი აშშ დოლარით Amazon-ის მფლობელი, ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. მეორე პოზიციაზე 122 მილიარდი აშშ დოლარით Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია, მეოთხე ადგილზე მყოფი Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება კი 95.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველი ოთხეული ტექნოლოგიური კომპანიების დამაარსებლებითა და ხელმძღვანელებითაა დაკომპლექტებული, ათეულში კი სულ შვიდი ასეთი პიროვნებაა.

Tesla ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა

ოლონ მასკის კომპანიის აქციების ფასის ზრდა 2020 წლის პირველ ნახევარში დაიწყო, ივლისში კი Tesla-მ იაპონური Toyota-სგან მსოფლიოში ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებლის სტატუსი გადაიბარა. საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მან ისეთ ცნობილ კორპორაციებს გადაუსწრო, როგორებიც არიან Walmart, Coca-Cola, Disney, PayPal, Cisco, Merck და სხვა. ექსპერტები ამის მიზეზად ინვესტორთა თავდაჯერებულობას ასახელებენ, რომლებიც Tesla-ს პოტენციალში დარწმუნებულები არიან და ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ის ელექტრომობილების ბაზარზე დომინანტი გახდება. 2020 წლის პირველ ორ კვარტალში სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის კომპანიის კონვეიერებიდან 185 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება ჩამოვიდა, წლის ბოლომდე კი საერთო ჯამში ნახევარი მილიონი ავტომანქანის გამოშვება იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები