Thumbnail

ხელოვნური ინტელექტი თქვენს ფიქრებს სურათებად აქცევს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ფინეთში მდებარე ჰელსინკის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისი შექმნეს, რომელიც ადამიანის ფიქრებში არსებულ სურათ-ხატებს რეალურ გამოსახულებებად აქცევს. გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგია, შესაძლოა, ფსიქოლოგიასა და კოგნიტურ ნეირომეცნიერებაში დაინერგოს.

ახალი მოწყობილობა უცხო ენების შესწავლის უნარს 13%-ით აუმჯობესებს

ნეიროადაპტაციურ-გენერატიული მოდელირების სახელით ცნობილი ინოვაციური მეთოდის ეფექტურობის გამოსაცდელად მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 31-მა მოხალისემ მიიღო. სპეციალისტებმა მათ ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობის მქონე ადამიანების ასობით ფოტო აჩვენეს და სთხოვეს, რომ ყურადღება რაიმე კონკრეტულ მახასიათებელზე, მაგალითად, მომღიმარ სახეზე გაემახვილებინათ.

დავალების შესრულებისას, ცდისპირთა ტვინის აქტივობას ელექტროენცეფალოგრაფი იწერდა. ის ექსპერიმენტის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი და ეკრანზე ნაჩვენები სურათების დამთხვევისას წარმოქმნილ სიგნალებს აფიქსირებდა და ინფორმაციას ხელოვნურ ნეირონულ ქსელს გადასცემდა. ამ უკანასკნელმა, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის მონაწილეთა ფიქრებში არსებული სახეების ამოცნობა და მათი მიხედვით გამოსახულებების შედგენა შეძლო, რომლებიც 83 პროცენტით ზუსტი აღმოჩნდა.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შედგენილი გამოსახულებები 83 პროცენტით ზუსტი აღმოჩნდა. ფოტო: Scientific Reports

მსგავსი ინტერფეისები მეცნიერებს ადრეც შეუქმნიათ. ისინი კომპიუტერსა და ტვინს შორის მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაციის საშუალებას იძლეოდნენ და სიგნალების შესაბამისად ეკრანზე ისრის გადაადგილებას ან ასოების დაწერას უზრუნველყოფდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხელოვნურმა ინტელექტმა ფიქრებში არსებული სურათების ამოცნობასთან ერთად, მათ ინტერპრეტაციასა და ხორცშესხმასაც წარმატებით გაართვა თავი.

ახალი მოწყობილობის საშუალებით სასურველ სიზმრებს ნახავთ

ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალ ტექნოლოგიას გამოყენებას ბევრ სხვადასხვა სფეროში მოუძებნიან, მათ შორის ხელოვნებაში, ფსიქოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში. ყველაზე მთავარი კი, მათი ვარაუდით, ისაა, რომ ხელოვნული ინტელექტის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაცაა შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები