Thumbnail

ტომ კრუზი კოსმოსში ფილმის გადასაღებად 2021 წელს გაფრინდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, ტომ კრუზი ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოსთან (NASA) და ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან თანამშრომლობით კოსმოსში ფილმის გადაღებას გეგმავს. ამისთვის ის დედამიწის ორბიტაზე 2021 წლის ოქტომბერში გაემგზავრება. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, ეს კინოს ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

ნახეთ: NASA-მ მთვარეზე უსაფრთხოდ დასაშვებად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა

საინფორმაციო სააგენტო Deadline-ის ცნობით, სათავგადასავლო ჟანრის მხატვრულ ფილმში მოქმედება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე განვითარდება. მის გადაღებაში მსახიობს ამერიკული კინოსტუდია Universal Pictures და პროდიუსერები - დაგ ლაიმანი, კრისტოფერ მაკკუორი და ვან სანდვიკი დაეხმარებიან. ვარაუდობენ, რომ პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მძაფრსიუჟეტიანი კინოსურათის Mission: Impossible მორიგი გაგრძელება არ იქნება.

კოსმოსური ფრენების ელექტრონული ბაზის Space Shuttle Almanac სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ სადგურზე ტომ კრუზისა და ფილმის რეჟისორის, დაგ ლაიმანის გაყვანას SpaceX-ის კაფსულა Crew Dragon კომპანიის Axiom Space მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ მომდევნო წელს ჩანიშნული ტურიტული მისია მესამე მგზავრსაც ითვალისწინებს, თუმცა მისი ვინაობა ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

ახალი ფილმის შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია NASA-ს ხელმძღვანელმა, ჯიმ ბრიდენშტაინმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯერ კიდევ მაისში დაადასტურა:

"NASA აღტაცებულია ტომ კრუზთან ერთად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ფილმის გადაღების შესაძლებლობით. პოპულარულმა კულტურამ ინჟინრებისა და მეცნიერების ახალი თაობა უნდა შთააგონოს, რათა მათ NASA-ს ამბიციური გეგმები რეალობად აქციონ", - ვკითხულობთ ჯიმ ბრიდენშტაინის პოსტში.

ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში ფილმის გადაღების შესახებ ტვიტი ილონ მასკმაც დაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი "ძალზე სახალისო იქნება". SpaceX-ს ტომ კრუზთან თანამშრომლობის შესახებ სხვა კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები

ბოლო ამბები