Thumbnail

მამრი ბაბუინები, რომლებიც მდედრებთან მეგობრობენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯონ ჰოპკინსის, ნოტრ დამისა და დიუკის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა დანიელ კოლეგებთან ერთად დაადგინეს, რომ მამრი ბაბუინები, რომლებიც მდედრებთან მყარ მეგობრულ კავშირს ამყარებენ, თავისი სახეობის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მკვლევართა განცხადებით, ახალი აღმოჩენა ამტკიცებს, რომ მსგავსი ურთიერთობები მხოლოდ შეჯვარების სურვილს არ ემსახურება და უფრო კომპლექსურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მამრი დელფინები ერთმანეთს პარტნიორის მოხიბლვაში ეხმარებიან

ცნობილია, რომ ბაბუინები ერთმანეთს, ძირითადად, ბეწვიდან ტკიპებისა და სხვა პარაზიტების ამოცლის პროცესში უახლოვდებიან, რაც მათ არა მხოლოდ სტრესის შემსუბუქებაში, არამედ ჰიგიენის დაცვაშიც ეხმარება. ამ გზით ერთგვარი სამეგობრო წრე იკვრება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მამრები ამ პროცედურას უფრო ხშირად მდედრებთან ერთად მიმართავენ და თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ნაკლებ დროს ატარებენ.

ერთმანეთის ბეწვიდან ტკიპებისა და სხვა პარაზიტების ამოცლა ბაბუინებს სოციალიზაციაში ეხმარება. ფოტო: KWS

იმის გასარკვევად, თუ რამდენად მყარია ზემოხსენებული კავშირები, ლონდონის სამეფო საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ბაბუინების სოციალური ცხოვრება შეისწავლეს. ამისთვის მათ სამხრეთ კენიაში მდებარე ამბოსელის ეროვნულ პარკში მობინადრე პრიმატების შესახებ 35 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. კვლევამ აჩვენა, რომ მამრ ბაბუინებს, რომლებსაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ, იზოლირებულად მცხოვრებ ინდივიდებთან შედარებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 28 პროცენტით მეტი გადარჩენის შანსი აქვთ.

მდედრობითი სქესის ძუძუმწოვრები მამრებზე დიდხანს ცოცხლობენ

სიცოცხლის ხანგრძლივობაზე სოციალიზაციის დადებითი გავლენა აქამდე არაერთი ცხოველის მაგალითზე დამტკიცებულა. მათ შორის არიან მაიმუნები, ცხენები, დელფინები, ცელნამგალა ვეშაპები და სხვა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კვლევათა უმეტესობა მდედრებზეა ორიენტირებული, რომლებიც მთელ ცხოვრებას ერთსა და იმავე სოციალურ ჯგუფში ატარებენ, მამრების მეგობრული კავშირები ჩვენთვის ნაკლებადაა ცნობილი. მეცნიერებს საკუთარი აღმოჩენა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ და ბაბუინების სოციალური ქცევის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები