Thumbnail

დედამიწის ორბიტაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი მთვარე გამოჩნდეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კოსმოსური ობიექტი სახელად 2020 SO, რომელიც დედამიწის ორბიტის მიმართულებით გადაადგილდება, შესაძლოა, ჩვენი პლანეტის ახალი მინი მთვარე გახდეს. ასტრონომების ვარაუდით, ის ორბიტაზე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან გამოჩნდება და იქ 2021 წლის მაისამდე იმოძრავებს.

დედამიწის ორბიტაზე კიდევ ერთი მთვარე აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) 2020 SO მცირე ზომის ციური სხეულების მონაცემთა ბაზაში, აპოლოს ასტეროიდების სახელით ცნობილ კატეგორიაში გააერთიანა. მასში ის ობიექტები შედიან, რომელთა მოძრაობის ტრაექტორიაც დედამიწის ორბიტასთან იკვეთება. თუმცა, ასტრონომების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2020 SO არა ასტეროიდი, არამედ Atlas-Centaur-ის სახელით ცნობილი რაკეტის მეორე საფეხურის ნარჩენია. ამერიკულმა საფრენმა აპარატმა მთვარის ზედაპირზე დასაჯდომი მოდული კოსმოსში 1966 წლის სექტემბერში გაიყვანა, თუმცა მისი გაუმართაობის გამო მისია ჩაიშალა.

2020 SO-ის გადაადგილების ტრაექტორია

ზემოხსენებულ ვარაუდს ობიექტების ზომების თანხვედრაც ამყარებს. NASA-ს ინფორმაციით, 2020 SO-ის სიგრძე 6.4-დან 14 მეტრამდე მერყეობს, რაკეტის მეორე საფეხურის სიგრძე კი 12.68 მეტრია. ამის გარდა, პოტენციური მინი მთვარე ჩვენი პლანეტის ორბიტის სიახლოვეს მოძრავი ასტეროიდებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო დაბალი სიჩქარით გადაადგილდება.

ასტრონომებს 2020 SO-ს ზუსტი წარმომავლობის დადგენის შესაძლებლობა ორჯერ მიეცემათ. პირველად 2020 წლის 1 დეკემბერს, როდესაც ობიექტი დედამიწას 50 ათასი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება, მეორედ კი 2021 წლის 2 თებერვალს, როდესაც ის ჩვენგან 220 ათასი კილომეტრით იქნება დაშორებული.

ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, მთვარე დაიჟანგა

იმ შემთხვევაში, თუ 2020 SO დედამიწის ორბიტაზე მოძრაობას დაიწყებს, ის ჩვენი პლანეტის მესამე მცირე ზომის მთვარე გახდება. პირველი მსგავსი ობიექტი, რომელსაც 2006 RH120 უწოდეს ორბიტაზე 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის ივნისამდე გადაადგილდებოდა, 2020 CD3 კი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი 2020 წლის აპრილამდე, სამი წლის განმავლობაში იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები