Thumbnail

NASA-სა და აშშ-ის კოსმოსურ ძალებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც NASA-ს კოსმოსური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვაში პენტაგონის დახმარებას ითვალისწინებს.

"კოსმოსის სფეროში სულ უფრო და უფრო მეტი გამოწვევა ჩნდება, რომლებიც გავლენას როგორც NASA-ზე, ასევე კომერციულ ოპერატორებზე ახდენენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის კოსმოსური ძალები დახმარებას აღმოგვიჩენენ მათთან გამკლავებასა და ჩვენი მიზნების მიღწევაში", - განაცხადა NASA-ს დირექტორმა, ჯიმ ბრაიდენშტაინმა მიტჩელის აეროკოსმოსური კვლევების ინსტიტუტის ვიდეოსემინარზე სიტყვით გამოსვლისას.

NASA-ს წინაშე მდგარი საფრთხეების მაგალითად ბრაიდენშტაინმა კიბერთავდასხმები და იმ ტექნოლოგიების გავრცელება მოიყვანა, რომელთა საშუალებითაც კოსმოსური აპარატების მუშაობის შეფერხება ან მათი მწყობრიდან გამოყვანაა შესაძლებელი.

NASA-ს დირექტორი, ჯიმ ბრაიდენშტაინი

აშშ-ის კოსმოსური ძალები ოფიციალურად 2019 წლის 20 დეკემბერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტის ხელმოწერის შემდეგ შეიქმნა. ის ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგით მეექვსე და 1947 წელს ამერიკის არმიის თანამედროვე სტრუქტურის ფორმირების შემდეგ შექმნილი პირველი სახეობაა.

"NASA-სა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან დაიწყო. ეს პარტნიორობა ჩვენს სიძლიერეს განაპირობებს. დაცული და სტაბილური კოსმოსი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების საფუძველია", - განაცხადა აშშ-ის კოსმოსური ძალების ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯონ რეიმონდმა.

აშშ-ის კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი, გენერალი ჯონ რეიმონდი.

შეთანხმების თანახმად, ორი ორგანიზაცია კოსმოსის შესასწავლად საჭირო ტექნოლოგიების გაუმჯობესების, დედამიწისთვის პოტენციურად საშიში ასტეროიდებისა და კომეტების აღმოჩენის, კოსმოსური ფრენების კონტროლისა და მისიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ითანამშრომლებს. განსაკუთრებული ყურადღება ჩვენს პლანეტასა და მთვარეს შორის არსებულ სივრცეზე გამახვილდება. როგორც NASA-ს, ასევე აშშ-ის კოსმოსური ძალების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გეოსტაციონარული ორბიტის მიღმა განლაგებულ ზონაში თავისუფალი გადაადგილებისა და ოპერირების ხელშეწყობა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები