Thumbnail

ნახეთ: კომპანიამ Tesla მომხმარებლებს სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

Tesla-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაზე კომპანიის აქციონერებსა და მომხმარებლებს სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ყურადღება ძირითადად ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ახალი ელემენტების წარმოებაზე, Model S-ის გაუმჯობესებული ვერსიასა და უახლოეს მომავალში ბიუჯეტური მანქანების გამოშვების შესაძლებლობაზე გაამახვილა.

Tesla ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა

პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან Tesla საკუთარ ქარხნებში წარმოებული ელემენტების გამოყენებაზე გადავა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს მათ ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს, რაც მომავალში გამოშვებული ელექტრომობილების ფასზეც აისახება. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციით ამერიკულ ავტომწარმოებელს ამჟამად იაპონური კორპორაცია Panasonic და სამხრეთკორეული კომპანია LG ამარაგებს. ამის გარდა, ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ელემენტი ხუთჯერ მეტ ენერგიას დაიტევს და ექვსჯერ უფრო მძლავრი იქნება, მისი ერთჯერადი დამუხტვით კი მანქანა 16 პროცენტით მეტი მანძილის გავლას შეძლებს.

 

პრეზენტაციის დროს ილონ მასკმა საზოგადოებას ელექტრომობილის Model S განახლებული ვერსია Plaid წარუდგინა. მანქანას სამი ძრავა აქვს, რომელთა საერთო სიმძლავრე 1100 ცხენის ძალაა. ავტომობილი 2 წამში 96 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ იქნება. Model S Plaid ელემენტის ერთი დამუხტვით 837 კილომეტრს გადის. აღსანიშნავია, რომ ლაგუნა სეკას სახელით ცნობილ ავტოდრომზე ტესტირების დროს მანქანას 3600-მეტრიანი ტრასისთვის წრის დასარტყმელად 1 წუთი და 36.5 წამი დასჭირდა. ახალი ელექტრომობილი 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი და მის შეძენას მსურველები 139,990 აშშ დოლარად შეძლებენ.

ნახეთ: Tesla შანხაის ქარხანაში Model 3-ის წარმოების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ღონისძიების დროს ბიუჯეტური ელექტრომობილების წარმოების შესახებაც ისაუბრა. სრულად ავტომატური მართვის სისტემით აღჭურვილი მანქანის გამოშვებას, რომლის ღირებულებაც 25 ათასი აშშ დოლარი იქნება, კომპანია 2023 წლისთვის გეგმავს. ილონ მასკის განცხადებით, ავტომობილი Tesla-ს მიერ შექმნილი ახალი ელემენტით იქნება აღჭურვილი, რაც მის შედარებით დაბალ ფასს განაპირობებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები