Thumbnail

რუსეთს სურს, ტომ კრუზს კოსმოსში ფილმის გადაღება დაასწროს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

რუსეთის კოსმოსური სააგენტო "როსკოსმოსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა კოსმოსში ისტორიაში პირველი მხატვრულ ფილმის გადაღებას გეგმავს. მის შექმნაში მონაწილეობას ასევე სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხი და მოსკოვში დაფუძნებული კინოსტუდია Yellow, Black and White მიიღებს.

"როსკოსმოსის" ხელმძღვანელი: ვენერა რუსული პლანეტაა

სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, სურათის სამუშაო სახელწოდებაა "გამოწვევა". მისი რეჟისორი კლიმ შიპენკო იქნება, პროდიუსერთა შორის კი "როსკოსმოსის" გენერალური დირექტორი, დმიტრი როგოზინი და რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ხელმძღვანელი, კონსტანტინ ერნსტი მოიაზრებიან. ფილმის სიუჟეტი, მასში მონაწილე მსახიობთა ვინაობა და სხვა ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

კინოსურათს დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიღებენ. ამისთვის იქ მთავარი როლის შემსრულებელთან ერთად მისი დუბლიორიც გაფრინდება. ისინი ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი მოდულისკენ "სოიუზის" ტიპის ხომალდით 2021 წლის შემოდგომაზე გაემგზავრებიან. "როსკოსმოსის" განცხადებით, პროექტის მიზანი რუსეთის მიერ კოსმოსში განხორციელებული აქტივობებისა და კოსმონავტების საქმიანობის პოპულარიზებაა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ ეს განცხადება მას შემდეგ გააჟღერა, რაც ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა, ტომ კრუზმა NASA-თან და ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან თანამშრომლობით კოსმოსში ფილმის გადაღება დააანონსა. პროექტის განხორციელებაში მას კინოსტუდია Universal Pictures და პროდიუსერები - დაგ ლაიმანი, კრისტოფერ მაკკუორი და ვან სანდვიკი დაეხმარებიან.

სათავგადასავლო ჟანრის მხატვრულ ფილმში მოქმედება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე განვითარდება, სადაც კინოსურათზე სამუშაოდ ტომ კრუზი და ფილმის რეჟისორი, დაგ ლაიმანი 2021 წლის ოქტომბერში გაფრინდებიან. მათ გაყვანას SpaceX-ის კაფსულა Crew Dragon კომპანიის Axiom Space მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ მომდევნო წელს ჩანიშნული ტურიტული მისია მესამე მგზავრსაც ითვალისწინებს, თუმცა მისი ვინაობა ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

ახალი ფილმის შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია NASA-ს ხელმძღვანელმა, ჯიმ ბრიდენშტაინმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯერ კიდევ მაისში დაადასტურა:

"NASA აღტაცებულია ტომ კრუზთან ერთად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ფილმის გადაღების შესაძლებლობით. პოპულარულმა კულტურამ ინჟინრებისა და მეცნიერების ახალი თაობა უნდა შთააგონოს, რათა მათ NASA-ს ამბიციური გეგმები რეალობად აქციონ", - ვკითხულობთ ჯიმ ბრიდენშტაინის პოსტში.

ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში ფილმის გადაღების შესახებ ტვიტი ილონ მასკმაც დაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი "ძალზე სახალისო იქნება". SpaceX-ს ტომ კრუზთან თანამშრომლობის შესახებ სხვა კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები

ბოლო ამბები