Thumbnail

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსურ ხომალდ Starship-ის საწვავის მორიგი ავზი ააფეთქა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ბოკა ჩიკაში მდებარე კერძო კოსმოდრომზე კომპანია SpaceX-მა კოსმოსურ ხომალდ Starship-ის რიგით მეოთხე საწვავის ავზი SN7.1 ააფეთქა. ექსპერიმენტის მიზანი უჟანგავი ლითონის ახალი ტიპის შენადნობის 304L გამძლეობის შემოწმება იყო. ამ ცდებით სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, რომელი მასალა იქნება უფრო შესაფერისი საფრენი აპარატის საბოლოო კონსტრუქციისთვის. 

 ნახეთ: კოსმოსურ ხომალდ Starship-ის პროტოტიპი 150 მეტრზე აფრინდა

იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად შეაკავებდა ავზი გაციებულ საწვავს მაღალი წნევის პირობებში, ის რამდენიმე ასეული ტონა თხევადი აზოტით აავსეს. ტესტირების დროს ნივთიერებამ გაჟონვა დაიწყო, SN7.1-ის სახურავი გასკდა და ავზი აფეთქდა, რის შემდეგაც მიმდებარე ტერიტორია აირის თეთრი ღრუბლებით დაიფარა.

 

შენადნობის 304L გამძლეობა SpaceX-მა მიმდინარე წლის ივნისშიც შეამოწმა. თხევადი აზოტით სავსე რეზერვუარი მაშინაც გასკდა, შემდეგ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ჰაერში აიწია და მიწას დაენარცხა. კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილის დასათვალიერებლად Boston Dynamics-ის მიერ წარმოებული რობოტი-ძაღლი გაგზავნეს. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავზს მხოლოდ ძირი დაუზიანდა, კედლები კი უვნებლად გადარჩა.

SpaceX-ს სამხრეთ ტექსასში განლაგებულ კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა აქვს ჩატარებული. კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებით, ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს Starship-ის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

► ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდის Starship პროტოტიპი წარმატებით გამოცადა

Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. სამომავლოდ კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები