Thumbnail

მეცნიერებმა სხვა გალაქტიკაში პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ში მდებარე ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრსა და პრინსტონისა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომუშავე მკვლევრებმა, ავსტრალიელ და ჩინელ კოლეგებთან ერთად, სხვა გალაქტიკაში პირველი პოტენციური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. მათი ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნდა.

ახალაღმოჩენილ პლანეტას მეცნიერებმა "π დედამიწა" უწოდეს

ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომის გალაქტიკაში პირველი ეგზოპლანეტა ასტრონომებმა 1992 წელს აღმოაჩინეს, დროთა განმავლობაში კი მათი რიცხვი რამდენიმე ათასამდე გაიზარდა. რაც შეეხება შედარებით შორს განლაგებულ ციურ სხეულებს, მათზე დაკვირვება, დიდი მანძილისა და სათანადო ტექნოლოგიის არარსებობის გამო, არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

ამის მიუხედავად, კვლევის ავტორებმა დედამიწიდან 23 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ, მორევის სახელით ცნობილ სპირალურ გალაქტიკაში სავარაუდო ეგზოპლანეტის M51-ULS-1b დაფიქსირება შეძლეს. ეს უკანასკნელი დაახლოებით სატურნის ზომისაა და ბინარულ სისტემაშია მოქცეული, რომელიც ზემასიურ შავ ხვრელსა და ნეიტრონულ ვარსკვლავს აერთიანებს. მათსა და პლანეტას შორის მანძილი საკმაოდ დიდია და დედამიწიდან მზემდე დისტანციას ათჯერ აღემატება.

მორევის გალაქტიკა, იგივე M51a. ფოტო: NASA

შავი ხვრელი ახლომდებარე ნეიტრონულ ვარსკვლავს შთანთქავს, რა დროსაც დიდი ოდენობის ენერგია გამოიყოფა, წყვილის ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი ძლიერი რენტგენული გამოსხივება კი ბინარულ სისტემას გამორჩეულ სიკაშკაშეს ანიჭებს. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დედამიწასა და გამოსხივების წყაროს შორის დიდი ზომის ობიექტის ჩავლისას ეს სინათლე იჩრდილება. ამ პროცესის აღბეჭდვა ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაშვებულმა ჩანდრას რენტგენულმა ობსერვატორიამ შეძლო. სპეციალისტებმა სწორედ მის მიერ შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს და იქ პოტენციური ეგზოპლანეტის კვალი აღმოაჩინეს.

დედამიწის ორბიტაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი მთვარე გამოჩნდეს

მეცნიერთა თქმით, რენტგენული გამოსხივების წყაროს დაჩრდილვის მიზეზი თეთრი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავიც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ზემოხსნენებული ბინარული სისტემა ზედმეტად ახალგაზრდაა იმისთვის, რომ იქ მსგავსი ციური სხეული წარმოშობილიყო. ამ მოვლენის კიდევ ერთი შესაძლო ახსნა ბუნებრივი რხევებია, რომელთა დროსაც სიკაშკაშის ცვალებადობა გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება, რაც მოცემულ შემთხვევას ასევე არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, მკვლევრები ფიქრობენ, რომ საქმე სხვა გალაქტიკაში აღმოჩენილ პირველ ეგზოპლანეტასთან აქვთ და ამ მოსაზრების მართებულობის დასადასტურებლად უახლოეს მომავალში დამატებითი კვლევების განხორციელებას გეგმავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები