Thumbnail

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდ Starship-ის ძრავა გამოცადა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ SpaceX კოსმოსური ხომალდ Starship-ის ვაკუუმში გადაადგილებისთვის განკუთვნილი ძრავა Raptor ტექსასის შტატის ქალაქ მაკგრეგორში განლაგებულ პოლიგონზე პირველად გამოცადა.

ვაკუუმური Raptor-ის გამოცდა ლოს ანჯელესში მდებარე SpaceX-ის რაკეტების მწარმოებელ ქარხანაში დამზადებიდან სამი კვირის შემდეგ შედგა. კომპანიამ მისი მუშაობა სრული ხანგრძლივობის ტესტირებისას შეამოწმა. რა დროის განმავლობაში გრძელდებოდა ძრავის გამოწვა, უცნობია. გავრცელებულ ვიდეოში მხოლოდ 15-წამიანი მონაკვეთია ასახული, თუმცა კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსურ ხომალდ Starship-ის საწვავის ავზი ააფეთქა

Raptor-ის ეს ვერსია ატმოსფეროში გადაადგილებისთვის განკუთვნილი სტანდარტული ძრავის მსგავსია, თუმცა უფრო გაბარიტული საქშენი აქვს, რაც კოსმოსში მის ეფექტურობას ზრდის. SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, Starship-ში თითოეული სახის სამ-სამ Raptor-ს გამოიყენებენ. სწორედ ეს ექვსი ძრავა უზრუნველყოფს კოსმოსური ხომალდის შორ მანძილზე, მაგალითად, მთვარისკენ ან მარსისკენ გადაადგილებას. აპარატი საკმარისად მძლავრი იქნება ამ ციური სხეულების ზედაპირიდან ასაფრენად, თუმცა დედამიწის გრავიტაციის დასაძლევად მას რაკეტა Super Heavy დასჭირდება, რომელიც Raptor-ის დაახლოებით 30 სტანდარტული ძრავით იქნება აღჭურვილი.


Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. სამომავლოდ კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა.

მოცემული დროისთვის ილონ მასკის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს ხომალდის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები