Thumbnail

NASA კოსმოსში 23 მილიონი აშშ დოლარი ღირებულების საპირფარეშოს აგზავნის

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) დედამიწის ორბიტაზე მყოფ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ახალ საპირფარეშოს აგზავნის. ნარჩენების უნივერსალურ მართვის სისტემას, რომლის დამზადებაც 23 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, დანიშნულების ადგილზე ავიაკოსმოსური და თავდაცვითი ტექნოლოგიების მწარმოებელი უმსხვილესი კორპორაციის, Northrop Grumman-ის ხომალდი Cygnus 29 სექტემბერს წაიღებს.

ნარჩენების უნივერსალური მართვის სისტემას NASA მთვარესა და მარსზე დაგეგმილი მისიების ფარგლებში გამოიყენებს, თუმცა მანამდე მას კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები გამოცდიან. ახალი საპირფარეშო, რომელიც ძველის გვერდით დამონტაჟდება, მასთან შედარებით 65 პროცენტით პატარა და 40 პროცენტით მსუბუქია. ის უახლოეს მომავალში დაგეგმილი კომერციული ფრენების გამო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის წევრების გაზრდილი რაოდენობის მომსახურებას შეძლებს.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის დამზადებული ახალი საპირფარეშო. ფოტო: NASA

საპირფარეშოს ძირითადი ნაწილი მისი წინამორბედის დიზაინის მიხედვითაა აგებული, თუმცა ახალი მოდელი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი ქალებისთვის გაცილებით მოსახერხებელია. მას სამგანზომილებიანი პრინტერით დამზადებული ტიტანის სეპარატორი აქვს, რომელიც ორი ვენტილატორითაა აღჭურვილი. გრავიტაციის არარსებობის პირობებში ის ჰაერის ძლიერ ნაკადს წამოქმნის, რომელიც ნარჩენების შეწოვას უწყობს ხელს. გაუმჯობესებულია აგრეთვე ასტრონავტების შარდის გადამამუშავებელი სისტემა, რომელიც უფრო მეტი რაოდენობით სუფთა წყლის მიღების საშუალებას იძლევა.

ნახეთ: ტოკიოში გამჭვირვალე საზოგადოებრივი საპირფარეშოები დაამონტაჟეს

ახალი საპირფარეშოს გამოყენებას NASA მარსისკენ მიმავალი ხანგრძლივი მისიების დროს გეგმავს, რომელთა დროსაც ასტრონავტებს კოსმოსში ორი ან მეტი წლის გატარება მოუწევთ. კოსმოსის კვლევის კომიტეტის (COSPAR) შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის 20 მაისს გაიმართა, სპეციალისტებმა ყურადღება კოსმოსის დაბინძურების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ "აპოლოს" ეკიპაჟის მიერ მთვარეზე ადამიანური ნარჩენების დატოვების პრაქტიკა მარსზე მისიის დროს არ უნდა განმეორდეს.

ნარჩენების უნივერსალური მართვის ახალი სისტემა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისი ორბიტაზე ყოფნის განმავლობაში დარჩება. კიდევ ერთი მსგავსი საპირფარეშო კი კოსმოსურ ხომალდზე Orion დამონტაჟდება, რომელიც მისია "არტემისის" ფარგლებში 2024 წელს ასტრონავტებს მთვარეზე წაიყვანს.

კომენტარები

ბოლო ამბები