Thumbnail

მეცნიერებმა მარსზე მიწისქვეშა ტბები აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იტალიაში მდებარე რომის მესამე უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, გერმანელ და ავსტრალიელ კოლეგებთან ერთად, მარსის სამხრეთ პოლუსის მახლობლად მიწისქვეშა მლაშე ტბები აღმოაჩინეს. მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა მარსზე არხების წარმოქმნის ახალი მიზეზი დაასახელეს

სპეციალისტებმა წყლის კვალი ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისიის Mars Express ფარგლებში წითელ პლანეტაზე გაშვებულ საფრენ აპარატზე დამონტაჟებული რადარის, MARSIS-ის მიერ შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შედეგად დააფიქსირეს. ახალი ობიექტები მათ ამ ხელსაწყოს მეშვეობით იმავე რეგიონში ორი წლის წინ აღმოჩენილი, 20 კილომეტრის მანძილზე გადაჭიმული ტბის მიმდებარედ შენიშნეს. მეცნიერთა განცხადებით, რეზერვუართა სისტემა ყინულის საფარის ქვეშ 1.5 კილომეტრის სიღრმეზეა განლაგებული. წყალსატევებს ერთმანეთისგან ხმელეთის ვიწრო ზოლები ჰყოფს.

ცენტრალური ტბის მიმდებარედ განლაგებული ახალაღმოჩენილი წყალსატევები. ფოტო: Nature Astronomy

მკვლევრებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, როგორ ინარჩუნებს წყალი თხევად მდგომარეობას მარსის სამხრეთ პოლუსზე, სადაც ტემპერატურა საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა. ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ტბებში მარილის დიდი კონცენტრაციაა, რაც მათ გაყინვას უშლის ხელს. თუ ეს მართლაც ასეა, შესაძლოა, ისინი ციურ სხეულზე ჯერ კიდევ რამდენიმე მილიონი წლის წინ წარმოქმნილიყვნენ და ყინულით დროთა განმავლობაში, კლიმატის ცვლილებასთან ერთად დაფარულიყვნენ. ამ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ წყალსატევები წითელ პლანეტაზე ოდესღაც არსებული ან დღემდე მოღწეული ცოცხალი ორგანიზმების კვალს ინახავდეს.

ნახეთ: ამ ვიდეოს საშუალებით მარსზე მდებარე ყინულით სავსე კრატერს გადაუფრენთ

მეცნიერები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ მსგავს ტბებს მარსის სხვა რეგიონებშიც აღმოაჩენენ, რაც ჩვენი მეზობელი პლანეტის ფორმირებისა და განვითარების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები