Thumbnail

ტაილანდში სასტუმროს უარყოფითი შეფასებისთვის აშშ-ის მოქალაქეს პატიმრობა ემუქრება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, ვესლი ჯინ ბარნსს, რომელიც ტაილანდში მასწავლებლად მუშაობს, ორწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის მიზეზი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულ კუნძულ კო ჩანგზე მდებარე სასტუმროს, Sea View Resort-ის შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული უარყოფითი შეფასებებია, რომელთა გამო დაწესებულების ადმინისტრაცია მამაკაცს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

იტალიაში ტურისტი პლაჟიდან ქვიშის მოპარვისთვის დააჯარიმეს

ამერიკელი მასწავლებლის უკმაყოფილება მიმდინარე წლის ივნისში მომხდარ უსიამოვნო შემთხვევას უკავშირდება. ბარნსმა, რომელიც მეგობრის თანხლებით სასტუმროში დარჩენას მხოლოდ ერთი ღამით გეგმავდა, დაწესებულების კუთვნილ რესტორანში სადილობის დროს სხვაგან შეძენილი ჯინის მირთმევა მოინდომა. იქ მომუშავე პერსონალმა მას საკვებ დაწესებულებაში ალკოჰოლური სასმლის შეტანისთვის გათვალისწინებული გადასახადის ოდენობა გააცნო, რომელიც სტუმრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მისი გაღიზიანება გამოიწვია. ხანგრძლივი დავის შემდეგ, Sea View Resort-ის მენეჯერი დათმობაზე წავიდა და ურჩი კლიენტებისთვის გამონაკლისი დაუშვა, თუმცა ამან ვესლის უკმაყოფილება ვერ გადაფარა.

კუნძული კო ჩანგი ტაილანდში. ფოტო: booking.com

ამ ინციდენტიდან მალევე ვესლი ბარნსმა სასტუმროს პერსონალის არამეგობრული დამოკიდებულებისა და უყურადღებობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე გაავრცელა. ერთ-ერთ შეფასებაში კი, რომელიც მან ამერიკული ტურისტული კომპანია Tripadvisor-ის საიტზე გამოაქვეყნა, დაწესებულებას მონობის თანამედროვე კერა უწოდა. მსგავსი შინაარსის განცხადება ვებგვერდმა წესების დარღვევად მიიჩნია და მცირე ხანში წაშალა, Sea View Resort-ის წარმომადგენლებმა კი ბარნსს მათი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ.

ქვიზი: რომელ ქვეყანაში მოქმედებს ეს უცნაური კანონი?

ტაილანდის საემიგრაციო სამსახურმა ვესლი ბარნსი სასტუმროს საჩივრის საფუძველზე, ცილისწამების ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავა. აშშ-ის მოქალაქემ ციხეში ორი დღე გაატარა, რის შემდეგაც ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ბარნსის საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს დანაშაული დაუმტკიცდება, მას ორწლიან პატიმრობასა და 6300 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდასთან ერთად, სასჯელის მოხდის შემდეგ ტაილანდიდან დეპორტაციაც მოელის.

კომენტარები

ბოლო ამბები