Thumbnail

აშშ-ის არმიას სანავიგაციო სისტემისთვის Starlink-ის სატელიტების გამოყენება სურს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ ახალი სანავიგაციო სისტემისთვის, შესაძლოა, კომპანია SpaceX-ის მიერ პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრები გამოიყენოს. მისი მეშვეობით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემის, GPS-ის ჩანაცვლება აქვს დაგეგმილი.

ნახეთ: SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა

SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე უკვე 700-ზე მეტი სატელიტი გაუშვა, რომელთა რიცხვიც უახლოეს მომავალში რამდენიმე ათასით გაიზრდება. ილონ მასკის კომპანიის მიზანი ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედის შექმნაა, რომელიც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს. თუმცა, ქალაქ ოსტინში მდებარე ტექსასის უნივერსიტეტის რადიონავიგაციური ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ პენტაგონის დაფინანსებით განხორციელებული კვლევის თანახმად, ამ ქსელის გამოყენებით ნავიგაციის უფრო საიმედო და ხარვეზებისგან დაცული სისტემის შექმნაა შესაძლებელი.

ასე გამოიყურება Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრები ღამის ცაზე.

კვლევის ავტორთა განცხადებით, კომპანია UT Austin-ის სპეციალისტების მიერ აშშ-ის არმიისთვის შემუშავებული ტექნოლოგიის დედამიწის დაბალ ორბიტაზე განლაგებულ SpaceX-ის ხელოვნურ თანამგზავრებთან ინტეგრაციის შედეგად, ინფორმაციის გადაცემა წამში 100 მეგაბიტი სიჩქარით იქნება შესაძლებელი. შედარებისთვის, GPS-ის სატელიტები, რომლებიც ხმელეთიდან 20 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობენ, მხოლოდ 100 ბიტი/წამში სიჩქარეს უზრუნველყოფენ.

Starlink-ის თანამგზავრებმა, შესაძლოა, მეცნიერული აღმოჩენები შეაფერხოს

ინოვაციური ტექნოლოგიის უპირატესობას მომხმარებელთა მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრაც წარმოადგენს. მისი ცდომილება მხოლოდ 70 სანტიმეტრამდე იქნება, მაშინ, როდესაც GPS ადგილმდებარეობის ჩვენებისას რამდენიმე მეტრით შეიძლება შეცდეს. ამის გარდა, მისგან წამოსული სიგნალი ჰაკერული თავდასხმებისგანაც უკეთ იქნება დაცული. იმ შემთხვევაში, თუ SpaceX-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა შედგება, ახალი სანავიგაციო სისტემა დედამიწის ორბიტაზე უკვე განლაგებული Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრების პროგრამული განახლების შემდეგ ამუშავდება.

კომენტარები

ბოლო ამბები