Thumbnail

ილონ მასკი: კორონავირუსის ვაქცინას არ გავიკეთებ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ამერიკულ გამოცემაში The New York Times მომუშავე ჟურნალისტთან, კარა სვიშერთან საუბრისას განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს, თუნდაც პრეპარატი უკვე ხელმისაწვდომი იყოს. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი ამის მიზეზად თავისი შვილებისა და საკუთარი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ასახელებს და მიიჩნევს, რომ COVID-19-ით მძიმედ დაავადების რისკი მათ არ ემუქრება.

ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

მასკმა აღნიშნა ისიც, რომ COVID-19-ის პანდემიამ კაცობრიობის მიმართ რწმენა შეურყია, რადგან მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მსოფლიოს მოედო, ადამიანები ირაციონალურები გახდნენ. ჟურნალისტთან ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საყოველთაო კარანტინის არაეფექტურობასაც, რომელსაც ის არაეთიკურ ქმედებასა და საკუთარი მოქალაქეების პატიმრობაში ყოლას უწოდებს.

"სინამდვილში, ყველაზე სწორი ნაბიჯი არა კარანტინის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადება, არამედ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების იზოლაციაში მოქცევაა მანამ, სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება", - განაცხადა ბიზნესმენმა.

ილონ მასკი  ცოლთან, პოპულარულ კანადელ მუსიკოს გრაიმსთან ერთად. ფოტო:  Business Insider 

ილონ მასკს მსგავსი კომენტარები წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია. მიმდინარე წლის მარტში მან თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც პანდემიის გამო ატეხილი პანიკა "სიჩლუნგედ" მოიხსენია. ბიზნესმენის სიტყვებმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან მოწონება დაიმსახურა, თუმცა მისი მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ სამედიცინო განათლების არმქონე მასკმა ამგვარი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

ილონ მასკი: ტვინში ჩანერგილი ჩიპით ადამიანები მუსიკასაც მოუსმენენ

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მიმდინარე წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარს ყოველი ხუთიდან ერთი ამერიკელი ამბობს. ქვეყნის მოქალაქეთა მხოლოდ ნახევარია დარწმუნებული იმაში, რომ მას აუცილებლად გაიკეთებს, გამოკითხულთა 31 პროცენტს კი ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს. ამის მიზეზად მათ, ერთი მხრივ, პრეპარატის გვერდით ეფექტები და, მეორე მხრივ, ინიექციის შედეგად ინფიცირების შიში დაასახელეს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი დაწესებულება მუშაობს. ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი პრეპარატი ამჟამად გამოცდის მესამე, ყველაზე ფართომასშტაბიან ეტაპს გადის, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის 30 ათასი მოქალაქე იღებს. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირება წარმატებით დასრულდება, mRNA-1273-ის სახელით ცნობილი ვაქცინა საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. გამოცდის ეტაპზეა ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტის მიერ შექმნილი პრეპარატიც, რუსეთში კი COVID-19-ის "მსოფლიოში პირველი" ვაქცინა Sputnik V მისი კლინიკური ტესტირების მესამე ფაზის დასრულებამდე დაარეგისტრირეს.

კომენტარები

ბოლო ამბები