Thumbnail

გინების გამო თუთიყუშები ზოოპარკის ვიზიტორებს განარიდეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე ლინკოლნშირის ველური ბუნების პარკში მობინადრე ხუთი თუთიყუში დამთვალიერებლებს დროებით განარიდეს. იზოლირებულ გალიებში მათი გადაყვანის გადაწყვეტილება დაწესებულების ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ფრინველებმა ვიზიტორებს უშვერი სიტყვებით ლანძღვა დაუწყეს.

ახალი კვლევის მიხედვით, გინებას ტკივილის შემსუბუქება შეუძლია

ჟაკოს სახეობის აფრიკული რუხი თუთიყუშები - ერიკი, ჯეიდი, ელსი, ტაისონი და ბილი მათმა მეპატრონეებმა პარკს მიმდინარე წლის აგვისტოში გადასცეს. დაწესებულებაში მომუშავე პერსონალმა ისინი ერთ სივრცეში მოათავსა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გალიაში თავი ხუთმა ავყია თუთიყუშმა მოიყარა. მათთვის უკვე ცნობილი სალანძღავი სიტყვების მარაგი ფრინველებმა ერთმანეთთან ურთიერთობით კიდევ უფრო გაიმდიდრეს და ცოტა ხანში საკუთარი მომვლელების უცენზურო ფრაზებით შემკობა დაიწყეს.

პარკში მობინადრე ერთ-ერთი თუთიყუში, სახელად ელსი. ფოტო: Lincolnshire Wildlife Park

ზოოპარკის თანამშრომლები იმედოვნებდნენ, რომ დროთა განმავლობაში თუთიყუშები გინებას გადაეჩვეოდნენ, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. როცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ პარკი კვლავ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება დაიწყო, ფრინველებმა არც ისინი დაინდეს და რამდენიმე მათგანი უშვერი სიტყვებით გამოლანძღეს.

თუთიყუშების ამგვარი ქცევა თითოეულ ჯერზე დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას და სიცილს იწვევდა, რამაც ფრინველებზე წამაქეზებლად იმოქმედა. შედეგად, ისინი თითქმის შეუჩერებლად იგინებოდნენ. უფრო მეტიც, ონავარმა არსებებმა ადამიანების ემოციების მიბაძვაც ისწავლეს და ერთმანეთის უცენზურო ფრაზებზე დაიწყეს სიცილი.

ნახეთ: მალაიზიელმა მამაკაცმა სმარტფონში მაიმუნის სელფები აღმოაჩინა

იმის შიშით, რომ თუთიყუშების ქცევა ზოოპარკის მცირეწლოვან ვიზიტორებზე უარყოფით გავლენას მოახდენდა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მათი ერთმანეთისგან დაშორება და ისეთ ადგილზე მოთავსება გადაწყვიტა, საიდანაც ფრინველები მნახველებს ხმას ვეღარ მიაწვდენენ. მომვლელები იმედოვნებენ, რომ პარკის ბინადრები მავნე ჩვევას ასე მაინც მოიშლიან, თუმცა, მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ისინი უწმაწურ სიტყვებს თავის ახალ მეზობლებსაც ასწავლიან.

კომენტარები

ბოლო ამბები