Thumbnail

ნახეთ: ინგლისში წყალბადის საწვავზე მომუშავე სამგზავრო თვითმფრინავი გამოცადეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკულ-ბრიტანულმა სტარტაპმა ZeroAvia წყალბადის საწვავზე მომუშავე თვითმფრინავი HyFlyer გამოცადა. აპარატმა სახელწოდებით G-HYZA, რომელიც ექვსადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავის Piper M350 ბაზაზეა შექმნილი, ინგლისის ქალაქ ბედფორდის თავზე სატესტო ფრენა წარმატებით განახორციელა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მოცემული დროისთვის ეს ყველაზე დიდი თვითმფრინავია, რომელიც ენერგიას წყალბადის მეშვეობით იღებს. 

ნახეთ: წყალბადის საწვავზე მომუშავე ახალი ელექტრომობილი Hyperion XP-1

HyFlyer კრანფილდის აეროპორტიდან აფრინდა და ჰაერში 8 წუთი დაჰყო, რა დროსაც 300 მეტრის სიმაღლეზე გადადგილდებოდა. საფრენმა აპარატმა, რომელსაც ZeroAvia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვალ მიფტახოვი მართავდა, ბედფორდის აეროდრომს 185 კმ/სთ-ში სიჩქარით ორი წრე დაარტყა და ხმელეთზე უსაფრთხოდ დაეშვა. გამოცდის მიზანი კომპანიის მიერ შექმნილი 800-ვოლტიანი, გამონაბოლქვის არმქონე ძრავის შემოწმება იყო. სტარტაპის წარმომადგენელთა თქმით, თვითმფრინავმა ტესტირებისას 2 კილოგრამამდე წყალბადი გამოიყენა.


Piper M350 სერიის სტანდარტული თვითმფრინავებისგან განსხვავებით, ZeroAvia-ს მიერ მოდიფიცირებული საფრენი აპარატის სალონში მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლების ნაცვლად, შეკუმშული წყალბადის სამი რეზერვუარია განთავსებული, საიდანაც აირი საწვავ ელემენტებს მიეწოდება. თვითმფრინავს აკუმულატორიც აქვს, რომლის მეშვეობითაც საცდელი ფრენა მიმდინარე წლის ივნისში შედგა.

ნახეთ: კომპანია Vertical Aerospace მფრინავი ტაქსების წარმოებას იწყებს

წყალბადის საწვავზე მომუშავე სამგზავრო თვითმფრინავი პროგრამის HyFlyer ფარგლებში შეიქმნა, რომელიც კერძო ინვესტორებმა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 7 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსეს. კომპანია ZeroAvia-ს მომდევნო ამოცანა მისი 555 კილომეტრამდე მანძილზე გამოცდაა. აპარატის სატესტო ფრენა, სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლომდე, შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროს მიმდებარედ განლაგებული ორკნის არქიპელაგიდან განხორციელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები