Thumbnail

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავის აფეთქების პროცესი დააფიქსირა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული კადრები გაავრცელა, რომელზეც შორეულ გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავის აფეთქების პროცესია აღბეჭდილი.

ასტრონომებმა, სავარაუდოდ, 33 წლის ვარსკვლავი აღმოაჩინეს

სპირალური გალაქტიკა, სახელად NGC 2525 დედამიწიდან 70 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. მის კიდესთან ახლოს განლაგებული ზეახალი ვარსკვლავი SN 2018gv მოყვარულმა ასტრონომმა, კოიჩი იტაგაკიმ ჯერ კიდევ 2018 წელს აღმოაჩინა, რის შემდეგაც მეცნიერებმა მისი უკეთ შესწავლა გადაწყვიტეს. ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ობიექტს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. ამ დროის განმავლობაში მან ციური სხეულის ამსახველი არაერთი შთამბეჭდავი ფოტოსურათი გადაიღო. მათი მეშვეობით მკვლევრებმა ვიდეოს აწყობა შეძლეს, რომელიც SN 2018gv-ის სიცოცხლის დასასრულის მიმანიშნებელ უკანასკნელ გაელვებას გვიჩვენებს.

სპირალური გალაქტიკა NGC 2525, რომლის კიდესთან ახლოს ზეახალი ვარსკვლავი SN 2018gv მოჩანს. ფოტო: NASA 

სპეციალისტთა განცხადებით, ზეახალი ვარსკვლავი თეთრი ჯუჯისგან წარმოიქმნა, რომლის მასამაც მეზობელი მნათობისგან შთანთქმული მატერიის წყალობით მზის მასას 1.44-ჯერ გადააჭარბა. ის იმდენად გაცხელდა, რომ ჟანგბადისა და ნახშირბადის თერმობირთვული სინთეზი გამოიწვია, შედეგად გამოთავისუფლებულმა ენერგიამ კი მთლიანად გაანადგურა SN 2018gv, რომელიც აფეთქებისას მზეზე 5 მილიარდჯერ უფრო კაშკაშა იყო.

მეცნიერებმა ყველაზე სწრაფი ვარსკვლავი აღმოაჩინეს

ზეახალი ვარსკვლავები სიკვდილისას ერთნაირ სინათლეს ასხივებენ. მასზე დაკვირვებით მეცნიერები ჩვენსა და სხვა გალაქტიკებს შორის არსებული მანძილის გამოთვლას ცდილობენ, რაც მათ სამყაროს გაფართოების ტემპის დადგენაში ეხმარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაბლის ტელესკოპის მიერ დაფიქსირებულმა მოვლენამ, შესაძლოა, მეცნიერებს კოსმოსის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგების საშუალება მისცეს და ჩვენთვის ჯერ კიდევ ბუნდოვან არაერთ ფენომენს მოჰფინოს ნათელი.

კომენტარები

ბოლო ამბები