Thumbnail

გრენლანდიაზე ყინული გასულ 12 ათას წელთან შედარებით უფრო სწრაფად დნება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ნიუ იორკის შტატში მდებარე ბაფალოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის საფუძველზე განაცხადეს, რომ ჩვენს საუკუნეში გრენლანდიაზე ყინული უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ნებისმიერ დროს გასული 12 ათასი წლის განმავლობაში. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

გრენლანდიაზე 500 მილიარდ ტონაზე მეტი ყინული დადნა

მეცნიერებმა შეისწავლეს ტერიტორია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ გრენლანდიაზე განლაგებულ ყინულის საფარს უძველეს დროში ეკავა. ამის შემდეგ, მათ საუკუნეების განმავლობაში დამდნარი ყინულის რაოდენობა გამოთვალეს და მომავალში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ვარაუდი გამოთქვეს. აღმოჩნდა, რომ 2000-დან 2018 წლამდე დროის მონაკვეთში ყინულის დნობის ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 21-ე საუკუნეში კუნძული 6,1 ტრილიონ ტონა ყინულს დაკარგავს. მკვლევართა განცხადებით, ამ მხრივ უმაღლესი მაჩვენებელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-10-დან მე-7 ათასწლეულამდე დროის პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც გრენლანდიაზე საუკუნეში საშუალოდ 6 ტრილიონი ტონა ყინული დნებოდა.

სამხრეთ-დასავლეთ გრენლანდიის ყინულის საფარის ამჟამინდელი საზღვარი. ფოტო: Jason Briner

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაშიც კი, 2020-დან 2100 წლამდე დროის პერიოდში გრენლანდია სულ ცოტა 8,8 ტრილიონ ტონა ყინულს დაკარგავს. მათივე თქმით, კლიმატის ცვლილების მზარდი ტემპების გამო, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, საგრძნობლად გაიზრდოს და 35,9 ტრილიონი ტონა შეადგინოს. მკვლევართა აზრით, მოვლენების ამგვარი განვითარება ზღვის დონის 2.4-დან 9.9 სანტიმეტრამდე მომატებას გამოიწვევს, რაც სანაპიროების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას დიდ პრობლემებს შეუქმნის.

გრენლანდიაზე ყინულის დნობის პროცესი შეუქცევადია

გრენლანდიაზე ყინულის საფარის დნობის მზარდ ტენდენციაზე ბოლო წლების განმავლობაში არაერთი კვლევა განხორციელდა. მეცნიერთა განცხადებით, მხოლოდ გასულ წელს მსოფლიოს უდიდეს კუნძულზე 532 მილიარდი ტონა ყინული დადნა. აგვისტოს თვეში ჩატარებული კვლევის თანახმად კი, ყინულის საფარის დნობის პროცესმა იქ უკვე შეუქცევადი სახე მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები