Thumbnail

მეცნიერებმა დედამიწაზე უკეთესი პირობების მქონე 24 ეგზოპლანეტა გამოავლინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ვილანოვისა და ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა, გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, 24 ეგზოპლანეტა გამოავლინეს, რომლებზეც, მათი თქმით, სიცოცხლის გაჩენისთვის დედამიწაზე უკეთესი პირობებია.

მეცნიერებმა სხვა გალაქტიკაში პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

გამოცემაში Astrobiology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა საუკეთესო მახასიათებლების მქონე ციური სხეულების აღმოსაჩენად ჩვენთვის ცნობილი 4500 ეგზოპლანეტა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეისწავლეს. მათ ყურადღება დედამიწაზე 10 პროცენტით დიდ და 1.5-ჯერ მასიურ, 5-8 მილიარდი წლის წინ ფორმირებულ ობიექტებზე გაამახვილეს, რომელთა ზედაპირის ტემპერატურა ჩვენი პლანეტისას 5°C-ით აღემატება. ამ გარემოებებმა, შესაძლოა, ერთი მხრივ, ძლიერი გრავიტაციის ჩამოყალიბებასა და ატმოსფეროს დიდი ხნით შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი, ბიომრავალფეროვნების განვითარებას შეუწყოს ხელი.

ეგზოპლანეტა Kepler-69c, რომელიც სიცოცხლისთვის თავსებადი ობიექტების სიაშია. ფოტო: NASA

მეცნიერებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმად იმ ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობაც აირჩიეს, რომლის გარშემოც მათთვის საინტერესო ეგზოპლანეტები იმოძრავებდნენ. ჩვენი მზის ტიპის მნათობების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 მილიარდი წელია, რაც, შესაძლოა, მათთან ახლოს არსებულ პლანეტებზე კომპლექსური ეკოსისტემის გაჩენისთვის საკმარისი დრო არ იყოს. აქედან გამომდინარე, სპეციალისტებმა სხვაგვარი ვარსკვლავების, კერძოდ, ნარინჯისფერი ჯუჯების ძიება დაიწყეს, რომლებიც 20-დან 70 მილიარდ წლამდე ცოცხლობენ, ნაკლებად მასიურები და ცხელები არიან და არც განსაკუთრებული სიკაშკაშე ახასიათებთ. შემდეგ კი მათ მიმდებარედ ისეთ ზონაში განლაგებული ციური სხეულები გამოიკვლიეს, სადაც გამორიცხული არ არის წყლის თხევადი სახით არსებობა.

ახალაღმოჩენილ პლანეტას მეცნიერებმა "π დედამიწა" უწოდეს

საბოლოო ჯამში, ასტრონომებმა 24 ეგზოპლანეტა გამოავლინეს, რომელთაგან თითოეული ზემოხსენებულ ერთ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს. თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აღმოჩნდა ისეთი, რომლის მონაცემებიც ერთდროულად სამ მოთხოვნას შეესაბამება. ეს არის KOI 5715.01, რომელიც 5.5 მილიარდი წლისაა და ზომით დედამიწას 1.8-ჯერ აღემატება. ჩვენგან სულ რაღაც 2,964 სინათლის წლით დაშორებული პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა 53.3°C-ია.

მკვლევართა განცხადებით, ეს ეგზოპლანეტები გარკვეული თვალსაზრისით დედამიწაზე უკეთესი პირობებით გამოირჩევიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე სიცოცხლე აუცილებლად არსებობს. ამის მიუხედავად, ნაშრომის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თითოეული პრეტენდენტი მომავალში ისეთი განვითარებული ტექნოლოგიის დახმარებით უნდა შევისწავლოთ, როგორიცაა NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, LUVIOR-ის სახელით ცნობილი ხელსაწყო და ევროპული კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი ზონდი PLATO.

კომენტარები

ბოლო ამბები