Thumbnail

Apple ახალ iPhone-ს 13 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე წარადგენს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ცნობილი გახდა, რომ Apple მომხმარებლებს iPhone 12-ს 13 ოქტომბერს დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებაზე წარუდგენს. როგორც წესი, კომპანია iPhone-ის სერიის სმარტფონებს სექტემბერში უშვებს, თუმცა წელს ამას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. ვარაუდობენ, რომ Apple საზოგადოებას ოთხ ახალ მოდელს გააცნობს, რომელთა შორისაა iPhone 12, iPhone 12 mini, Apple iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max.

Apple-მა ახალი მოწყობილობები და სერვისები წარადგინა

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სმარტფონები 5G მხარდაჭერით ისარგებლებენ და უმძლავრესი პროცესორით A14 Bionic იქნებიან აღჭურვილი. წინასწარი მონაცემებით, iPhone 12 mini-ს ეკრანი 5.4 დუიმი, iPhone 12 Pro Max-ის 6.7 დუიმი, iPhone 12-ისა და მასზე უკეთესი სპეციფიკაციის მქონე iPhone 12 Pro-სი კი 6.1 დუიმი იქნება.

სურათზე ძველი და ახალი თაობის iPhone-ებს შორის ზომების სხვაობაა ნაჩვენები. ფოტო: MacRumors

არსებობს იმის მოლოდინიც, რომ ახალ სმარტფონების დიზაინი ტრადიციულისგან განსხვავებული იქნება - მომრგვალებულის ნაცვლად კვადრატული, უჟანგავი ლითონისა და ალუმინისგან დამზადებული კიდეებით. შედარებით ძვირადღირებულ მოდელებზე სამი, დანარჩენზე კი ორი კამერა იქნება დამონტაჟებული. iPhone 12-სა და iPhone 12 mini-ს საბაზისო შიდა მეხსიერება 64GB, ხოლო Apple iPhone 12 Pro-სა და iPhone 12 Pro Max-ის 128GB-ია. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, სმარტფონების ფასის მიხედვით, 4GB და 6GB-ია ნავარაუდები.

Apple-მა საკუთარი მოწყობილობებისთვის ახალი ოპერაციული სისტემები წარადგინა

ამერიკული ვებპორტალის The Verge ცნობით, ყველაზე მცირე ზომის სმარტფონი 2227mAh ტევადობის ელემენტით აღიჭურვება, iPhone 12-ისა და iPhone 12 Pro-ს შემთხვევაში ეს მონაცემი 2775mAh იქნება, iPhone 12 Pro Max-ისთვის კი - 3687mAh. სიახლეა ისიც, რომ Apple-ის ახალ პროდუქტებს დამტენი და ყურსასმენები აღარ მოჰყვება, რაც შესაფუთი ყუთის სისქეზეც აისახება.

ვარაუდობენ, რომ iPhone 12-ის ფასი 649 აშშ დოლარი იქნება, iPhone 12 Max-ის 749 აშშ დოლარი, iPhone 12 Pro-ს 999 აშშ დოლარი, iPhone 12 Pro Max-ის კი 1,099  აშშ დოლარი.

13 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე Apple-მა, შესაძლოა, სხვა ახალი მოწყობილობებიც წარადგინოს. მათ შორის, სისწრაფით გამორჩეული Apple TV, ჭკვიანი სპიკერი HomePod და უსადენო ყურსასმენები.

კომენტარები

ბოლო ამბები