Thumbnail

კომპანია SpaceX პენტაგონისთვის ხელოვნურ თანამგზავრებს დაამზადებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანიამ SpaceX ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყების კოსმოსის განვითარების სააგენტოსთან (SDA) ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც პენტაგონისთვის დედამიწის ორბიტაზე გასაშვებად განკუთვნილი ხელოვნური თანამგზავრების დამზადებას ითვალისწინებს. ამისთვის ილონ მასკის კომპანია 149 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდება.

აშშ-ის არმიას სანავიგაციო სისტემისთვის Starlink-ის სატელიტების გამოყენება სურს

აშშ-ის სამხედრო უწყებამ კონტრაქტის ფარგლებში SpaceX-ს ოთხი სატელიტის დამზადება შეუკვეთა, რომლებიც მოგვიანებით ფართოკუთხოვანი ინფრაწითელი სენსორებით აღიჭურვება. ტექნოლოგიის გამოყენებას პენტაგონი ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტების დასაფიქსირებლად გეგმავს. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის კომპანია ხელოვნურ თანამგზავრებს ვაშინგტონის შტატის ქალაქ რედმონდში განლაგებულ ქარხანაში ააგებს, რომელსაც პროექტ Starlink-ის ფარგლებში ორბიტაზე გასაგზავნი მიკროსატელიტიების შესაქმნელად იყენებენ.

კალიფორნიის შტატის ქალაქ ჰოტორნში განლაგებული SpaceX-ის ქარხანა.

პენტაგონისგან ხელოვნური თანამგზავრების დასამზადებლად დაფინანსება კიდევ ერთმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ L3 Harris მოიპოვა. აშშ-ის კოსმოსის განვითარების სააგენტომ, SpaceX-ის მსგავსად, მასაც ოთხი სატელიტის დამზადება შეუკვეთა, რისთვისაც სამხედრო უწყებამ 193 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ორი ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი რვავე ხელოვნური თანამგზავრის ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაშვება 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ნახეთ: SpaceX-მა ორბიტაზე Starlink-ის თანამგზავრების მორიგი წყება გაუშვა

SpaceX-მა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტთან ხუთწლიანი ხელშეკრულება მიმდინარე წლის აგვისტოშიც გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, ის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელებულ 30-ზე მეტ საიდუმლო მისიაში მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე თვის წინ კომპანიასთან კონტრაქტი აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომაც (NASA) დადო, რომლის მიხედვითაც 2024 წელს დაგეგმილი არტემისის პროგრამისთვის მთვარეზე დასაშვები სისტემის შესაქმნელად SpaceX 135 მილიონი დოლარით დაფინანსდება.

კომენტარები

ბოლო ამბები