Thumbnail

მეცნიერთა განცხადებით, 2020 წლის სექტემბერი რეკორდულად ცხელი იყო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ევროკავშირის პროგრამის Copernicus ფარგლებში შექმნილ კლიმატის ცვლილების სამსახურში (C3S) მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, 2020 წლის სექტემბერი რეკორდულად ცხელი იყო. მათ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის გასულ თვეში 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით საშუალოდ 0.05°C-ით, 2016 წელთან შედარებით კი 0.08°C-ით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

2020 წლის ზაფხული ჩრდ. ნახევარსფეროსთვის ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

2020 წლის სექტემბერში ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ციმბირის სანაპირო ტერიტორიებზე, შუა აღმოსავლეთში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის პარაგვაისა და ბრაზილიაში ცხელოდა. ამ თვისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ევროპაშიც, კერძოდ, საფრანგეთსა და შავიზღვისპირეთში. ზოგადად კონტინენტზე კი ტემპერატურამ 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს 0.2°C-ით გადააჭარბა.

სექტემბრის თვის საშუალო ტემპერატურის ცვალებადობის მაჩვენებელი წლების მიხედვით. ფოტო: C3S

ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტოს (NOAA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის 2020 წლის ივნისი, ივლისი და აგვისტო ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხულის თვეები იყო. ამან არქტიკის ყინულის საფარის საგანგაშო დნობა გამოიწვია, რის გამოც სექტემბერში მისმა მოცულობამ 2012 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. რეკორდული სიცხე, 54.4°C აგვისტოს თვეში სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე სიკვდილის ველის სახელით ცნობილ ეროვნულ ნაკრძალში აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ დამონტაჟებულმა თერმომეტრმაც აჩვენა.

აშშ-ში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 54.4°C დაფიქსირდა

ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურით გამოირჩა 2020 წლის იანვარი და მაისიც. ამ თვეებში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით საშუალოდ 0.03°C და 0.05°C-ით უფრო ცხელოდა. თებერვალსა და მარტში დაფიქსირებული საშუალო ტემპერატურა კი მხოლოდ 2016 წლის მაჩვენებლებს ჩამორჩა. სპეციალისტების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურის ზრდის ტენდენცია მომავალი სამი თვის განმავლობაშიც შენარჩუნდება, 2020 წელი, შესაძლოა, რეკორდულად ცხელი აღმოჩნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები