Thumbnail

ნახეთ: ამერიკელმა მეცნიერებმა რობოტი-კალმარი შექმნეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სან დიეგოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კალმარის მსგავსი რობოტი შექმნეს, რომელიც თავფეხიანი მოლუსკების კლასის წარმომადგენელი ამ ცხოველივით გადაადგილდება და მანევრირებს. ახალი გამოგონების შესახებ ნაშრომი გამოცემაში Bioinspiration and Biomimetics გამოქვეყნდა.

რობოტი-კალმარი ძირითადად აკრილის პოლიმერითაა დამზადებული და მხოლოდ რამდენიმე მყარი, 3D პრინტერით დაბეჭდილი დეტალი აქვს. წყალქვეშა კვლევების დროს რბილი მასალისგან შექმნილი მოწყობილობების გამოყენება მნიშვნელოვანია მარჯნისა და თევზების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, თუმცა ასეთი რობოტები საკმაოდ ნელა გადაადგილდებიან და მანევრირებაც უჭირთ.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად რობოტოტექნიკის, კომპიუტერული მოდელირებისა და ექსპერიმენტული ჰიდროდინამიკის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა მკვლევართა გუნდმა გადაწყვიტა, რობოტის შექმნისას მოდელად კალმარი გამოეყენებინა, რომელსაც რეაქტიული მოძრაობის მექანიზმის წყალობით წყლის უხერხემლო ცხოველებს შორის ყველაზე დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია და მოქნილობაც ახასიათებს.

 

“ჩვენი რობოტი ყველა იმ ძირითადი თავისებურების გათვალისწინებით შეიქმნა, რომელიც კალმარებს მაღალი სიჩქარით ცურვაში ეხმარება. ეს პირველი მსგავსი მოწყობილობაა, რომელსაც სწრაფი გადაადგილებისთვის ამ მოლუსკივით რეაქტიული იმპულსების გენერირება შეუძლია და ამას სხეულის ფორმის ცვლილებით ახერხებს“, - აცხადებს ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის მექანიკური და აეროკოსმოსური ტექნიკის კათედრის პროფესორი მაიკლ ტოლიმ.

ნახეთ: წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსის საუკეთესო სურათები

ცურვისას რობოტი სხეულში წყალს იწოვს, რა დროსაც კანსა და ნეკნებში დრეკად ენერგიას ინარჩუნებს, შემდეგ სხეულის შეკუმშვით ამ ენერგიას ათავისუფლებს, წყლის ჭავლს გამოისვრის და წარმოქმნილი ბიძგის შედეგად გადაადგილდება. კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტირებისას მოწყობილობამ წამში 18-დან 32 სანტიმეტრამდე სიჩქარე განავითარა, რაც რბილი მასალით დამზადებული სხვა მსგავსი რობოტების ანალოგიურ მაჩვენებლებს საგრძნობლად აღემატება. მის გამოყენებას მეცნიერები წყალქვეშა ექსპედიციების დროს მარჯნებისა და თევზებისთვის სურათების გადაღების მიზნით გეგმავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები