Thumbnail

ნორვეგიაში 1200 წლის წინანდელი წარმართული ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ნორვეგიაში მდებარე ბერგენის საუნივერსიტეტო მუზეუმში მომუშავე არქეოლოგებმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში განლაგებულ ზღვისპირა სოფელ ოსეში წარმართული ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. მკვლევართა გამოთვლებით, რელიგიური დანიშნულების ნაგებობა ვიკინგებს 1200 წლის წინ უნდა აეშენებინათ.

არქეოლოგებმა პორტუგალიაში სტოუნჰენჯის მსგავსი ძეგლი აღმოაჩინეს

მეცნიერთა ვარაუდით, დაახლოებით მე-8 საუკუნეში აგებული ხის ტაძარი 14 მეტრი სიგრძის, 8 მეტრი სიგანისა და 12 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო. ნორვეგიელები მას სკანდინავიური მითოლოგიის ომის ღმერთის, ოდინისა და ჭექა-ქუხილის ღმერთის, თორისადმი მიძღვნილი საკულტო ცერემონიებისთვის იყენებდნენ. ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობის დროს ნაგებობაში მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ატარებდნენ, რაზეც საკრალური ნაგებობის მიმდებარედ აღმოჩენილი დიდი რაოდენობის ცხოველის ძვლებიც მიანიშნებს.

არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი წარმართული ტაძრის ნანგრევები

ფოტო: University Museum of Bergen

ტაძრის ციფრული რეკონსტრუქცია

ფოტო: University Museum of Bergen

ტაძრის ინტერიერის ციფრული რეკონსტრუქცია

ფოტო: University Museum of Bergen

არქეოლოგიური გათხრების შედეგად სოფელ ოსეს ტერიტორიაზე მკვლევრებმა 2000-2500 წლის წინანდელი დასახლების ნაშთებსაც მიაგნეს, თუმცა ცნობილია, რომ ნორვეგიელებმა ღმერთების სახლების მშენებლობა, როგორც ისინი საკუთარ ტაძრებს უწოდებდნენ, ბევრად გვიან, მე-6 საუკუნეში დაიწყეს. ამ პერიოდის სკანდინავიურ საზოგადოებას რომის იმპერიისა და ჩრდილოეთ ევროპის გერმანიკულ ტომებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რამაც საკულტო დანიშნულების შენობების ფორმაზეც იქონია გავლენა. ამის დასტური ახალაღმოჩენილი ძეგლია, რომელიც ქრისტიანული ბაზილიკის ტიპის ტაძრისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილითაა აგებული.

ნახეთ: ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი სარკოფაგი გახსნეს

ნორვეგიაში წარმართული კულტები ქრისტიანობამ მე-11 საუკუნეში ჩაანაცვლა. მეფეებმა ახალი სარწმუნოების იძულებით გავრცელება დაიწყეს, რა დროსაც უამრავი ძველი ტაძარი დაანგრიეს და გადაწვეს. თუმცა, არქეოლოგებისთვის უცნობია, ემსხვერპლა თუ არა მათ მიერ ოსეში აღმოჩენილი საკულტო ნაგებობა რომელიმე მსგავს შემთხვევას.

კომენტარები

ბოლო ამბები