Thumbnail

არაბთა გაერთიანებული საამიროები მთვარეზე კოსმოსურ ხომალდს 2024 წელს გაუშვებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

არაბთა გაერთიანებული საამიროები მთვარის უეკიპაჟო მისიის ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე პირველ კოსმოსურ ხომალდს 2024 წელს გაუშვებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სამხრეთ-დასავლეთ აზიის ეს ქვეყანა რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ მეოთხე სახელმწიფო იქნება, რომლის აპარატიც ციური სხეულის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაშვებას შეძლებს.

ნახეთ: NASA-მ მთვარეზე უსაფრთხოდ დასაშვებად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა

კოსმოსურ ხომალდს არაბთა გაერთიანებული საამიროების ამჟამინდელი პრემიერმინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მამის პატივსაცემად "რაშიდი" დაარქვეს. ოთხბორბლიანი აპარატი დაახლოებით 10 კილოგრამს იწონის და სხვადასხვა ხელსაწყოთია აღჭურვილი. მათ შორისაა თერმული და მიკროსკოპული კამერები, მაღალი გარჩევადობის ორი კამერა და ე.წ. ლენგმიურის ზონდი, რომლებსაც ის მთვარის ზედაპირის გამოსაკვლევად გამოიყენებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური ხომალდი "რაშიდი". ფოტო: Middle East Business

სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მთვარის მისია კოსმოსის შესასწავლად საჭირო ტექნოლოგიის გამოცდის საშუალებას იძლევა და ბევრად სერიოზული მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ასეთად ისინი, მაგალითისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების მარსის პროგრამას მიიჩნევენ, რომელიც 2117 წლისთვის წითელ პლანეტაზე ადამიანების მუდმივი დასახლების შექმნას ითვალისწინებს.

მთვარეზე 3D პრინტერით შენობების ასაგებად 14 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო

არაბთა გაერთიანებული საამიროები ამგვარად მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წახალისებასა და განვითარებას ცდილობს, რომ ქვეყანის ეკონომიკაში საკუთარი წვლილი ნავთობის მოპოვების სექტორის გარდა ამ სფეროებმაც შეიტანონ. სახელმწიფომ მარსზე პირველი კოსმოსური აპარატი მიმდინარე წლის ივლისში გაუშვა. მან ჯამში 500 მილიონი კილომეტრი უნდა გაიაროს, რასაც 7 თვე დასჭირდება, დანიშნულების ადგილზე კი ხომალდი 2021 წლის დასაწყისში მივა.

კომენტარები

ბოლო ამბები