Thumbnail

Crew Dragon-ის მეორე ეკიპაჟიანი ფრენა ნოემბრისთვის გადაიდო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Crew Dragon მეორე ეკიპაჟიანი ფრენა, რომელიც 31 ოქტომბერს, ჰელოუინის დღესასწაულზე იგეგმებოდა, ნოემბრის შუა რიცხვებამდე არ განხორციელდება.

► მთვარეზე 3D პრინტერით შენობების ასაგებად 14 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო

NASA-ს წარმომადგენელთა განმარტებით, ფრენის გადადება რაკეტის Falcon 9 ტექნიკური გამართულობის შემოწმებას უკავშირდება. სწორედ ამ საფრენმა აპარატმა უნდა უზრუნველყოს ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრება. 2 ოქტომბერს მისი საშუალებით დედამიწის ორბიტაზე აშშ-ის კოსმოსური ძალების სატელიტი GPS III SV04 უნდა გაეყვანათ, თუმცა გაშვებამდე ორი წამით ადრე რაკეტის პირველი საფეხურის გენერატორში წნევამ მოიმატა, რის გამოც მისია ჩაიშალა. იმის მიუხედავად, რომ ეკიპაჟიანი ფრენის დროს კოსმოსური სააგენტო სხვა Falcon 9-ს გამოიყენებს, NASA-ს რაკეტის უსაფრთხოებაში დარწმუნება სურს.

მისია Crew-1-ის მონაწილე ასტრონავტები - შენონ ვოქერი, ვიქტორ გლოვერი, მაიკლ ჰოპკინსი და სოიჩი ნოგუჩი ხომალდ Crew Dragon-ში . ფოტო: SpaceX

Crew-1-ის სახელით ცნობილ 6-თვიან მისიაში მონაწილეობას ამერიკელი ასტრონავტები - მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი მიიღებენ. Crew Dragon-ს ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა Falcon 9-ით გაუშვებენ, რის შემდეგაც კაფსულა, რომელსაც ეკიპაჟის წევრებმა Resilience უწოდეს, მათ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე განლაგებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიყვანს. ასტრონავტების დედამიწაზე დაბრუნება 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის პირველი ეკიპაჟიანი მისია, რომელშიც მონაწილეობა რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ მიიღეს, 2020 წლის 30 მაისს შედგა. მომდევნო დღეს კი Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ეს კოსმოსური ფრენების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ადამიანის გაყვანა კომერციულმა ორგანიზაციამ  უზრუნველყო.

► NASA-სა და აშშ-ის კოსმოსურ ძალებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოიუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. თუ ბოლო დრომდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა, SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები