Thumbnail

ნახეთ: მეცნიერებმა შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი დააფიქსირეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ბირმინგემისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში მომუშავე ასტრონომებმა, მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, ზემასიური შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი დააფიქსირეს.

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავის აფეთქების პროცესი დააფიქსირა

ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები აღნიშნულ პროცესს სხვადასხვა ტელესკოპის მეშვეობით 6 თვე აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში მათ სპეციალური ხელსაწყოებით ერიდანუსის თანავარსკვლავედში მდებარე სპირალურ გალაქტიკაში განლაგებული შავი ხვრელის მიერ დაახლოებით ჩვენი მზის მასის მქონე ვარსკვლავის შთანთქმისას გამოყოფილი სინათლის ნაკადის დეტალური შესწავლა შეძლეს, რაც მათ ამ უჩვეულო კოსმოსური ფენომენის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარა.

 

როდესაც ვარსკვლავი შავ ხვრელს ზედმეტად უახლოვდება, მას ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელი უმძლავრესი გრავიტაცია იზიდავს და ანადგურებს. მნათობის ნარჩენები მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება და ზემასიური ობიექტის გარშემო იწყებს მოძრაობას. მისი ერთი ნაწილი შავ ხვრელში ხვდება, რა დროსაც დიდი რაოდენობით ენერგია გამოთავისუფლდება. შედეგად გამოყოფილ სიკაშკაშეს, ხშირად, მტვრის ღრუბელი ჩრდილავს, რაც მეცნიერებს მასზე ღრმა დაკვირვებაში უშლის ხელს. ასტრონომებმა სწორედ ზემოხსენებული ღრუბლის წარმომავლობა დაადგინეს. როგორც აღმოჩნდა, ის ვარსკვლავისგან დარჩენილი მატერიაა, რომელსაც შთანთქმისას წარმოქმნილი ენერგია გარეთ უბიძგებს. მოშორებით გატყორცნილი ნარჩენები კი ცივდება და ეპიცენტრს ეფარება.

სამყაროში, შესაძლოა, უამრავი უხილავი ვარსკვლავი არსებობდეს

ზემოაღნიშნული მოვლენა მეცნიერებმა დედამიწიდან 215 მილიონი სინათლის წლის მანძილზე შენიშნეს, რაც მას ჩვენთვის ცნობილ უახლოეს ასეთ ფენომენად აქცევს. ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ ერიდანუსის თანავარსკვლავედში მდებარე სპირალურ გალაქტიკაში განლაგებული შავი ხვრელის შემდგომი კვლევა ამ ობიექტების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები