Thumbnail

ნახეთ: კომპანია Apple-მა iPhone 12 წარადგინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია Apple-მა 13 ოქტომბერს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ახალი თაობის სმარტფონები წარმოადგინა. მობილური მოწყობილობების უმსხვილესი მწარმოებელი მომხმარებლებს 5G მხარდაჭერის მქონე ოთხ მოდელს სთავაზობს, ესენია iPhone 12, iPhone 12 mini, iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max.

ნახეთ: Apple-მა ახალი მოწყობილობები და სერვისები წარადგინა

iOS 14-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე iPhone 12-ის ეკრანი 6,1 დუიმია. ის უმძლავრესი პროცესორით A14 Bionic არის აღჭურვილი. მოდელის შიდა მეხსიერება 64GB, 128GB ან 256GB-ია. სმარტფონი შავ, თეთრ, წითელ, ლურჯ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი. მას 12-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერა და 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა აქვს, რომელიც 4K გარჩევადობის ვიდეოების გადაღებას უზრუნველყოფს.

მცირე ზომით გამორჩეული iPhone 12 mini-ს ეკრანი 5,4 დუიმია. ზემოხსენებული მოდელის მსგავსად, ისიც ხუთ ფერშია გადაწყვეტილი და პროცესორით A14 Bionic არის აღჭურვილი. სმარტფონის შიდა მეხსიერება 64GB, 128GB ან 256GB-ია. მას 12-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერა და 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა აქვს.

iPhone 12 და iPhone 12 mini. ფოტო: Apple 

iPhone 12 Pro-ს ეკრანი 6,1 დუიმია. წინა ორი მოდელისგან მას გაუმჯობესებული სპეციფიკაციები გამოარჩევს. კერძოდ, სმარტფონის შიდა მეხსიერება 128GB, 256GB ან 512GB-ია. iPhone 12 Pro ოქროსფერ, ვერცხლისფერ, ნაცრისფერსა და ლურჯ ფერებშია ხელმისაწვდომი. მოწყობილობას 12-მეგაპიქსელიანი მთავარი, 12-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 12-მეგაპიქსელიანი 2x ზუმის მქონე ტელეფოტო კამერა აქვს.

iPhone 12 Pro Max ყველაზე დიდი ზომისაა. მისი ეკრანი 6,7 დუიმია. სმარტფონის შიდა მეხსიერება, iPhone 12 Pro-ს მსგავსად, 128GB, 256GB ან 512GB-ია. მოდელი 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით, 12-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერითა და 12-მეგაპიქსელიანი 2.5 ზუმის მქონე ტელეფოტო ლინზითაა აღჭურვილი. iPhone 12 Pro Max ოთხ ფერში - ლურჯში, ოქროსფერში, ვერცხლისფერსა და ნაცრისფერშია გადაწყვეტილი.

 iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max. ფოტო: Apple 

ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებს ახალი სმარტფონების ოპერატიულ მეხსიერებასა და ელემენტის ტევადობაზე არ უსაუბრიათ. ვარაუდობენ, რომ პირველი მონაცემი iPhone 12-ისა და iPhone 12 mini-სთვის 4GB იქნება, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი 6GB. არსებობს მოლოდინი, რომ საბაზისო მოდელის ელემენტის ტევადობა 2775mAh, iPhone 12 mini-ს 2227mAh, iPhone 12 Pro-ს 2775mAh, ხოლო iPhone 12 Pro Max-ის 3687mAh იქნება.

აღსანიშნავია, რომ რომ Apple-ის ახალ პროდუქტებს დამტენი და ყურსასმენები აღარ მოჰყვება, რაც შესაფუთი ყუთის სისქეზეც აისახება. კომპანიის განცხადებით, iPhone 12-ისა და iPhone 12 Pro-ს შეძენა მსურველებს 23 ოქტომბრიდან, შესაბამისად 799 და 999 აშშ დოლარად შეეძლებათ. iPhone 12 mini მომხმარებლებისთვის 699 აშშ დოლარად, iPhone 12 Pro Max კი 1099 აშშ დოლარად 13 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები