Thumbnail

ნახეთ: ვირტუალური ტური ასტეროიდ ბენუზე

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) სამგანზომილებიანი ვიდეო გაავრცელა, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში მოძრავ ასტეროიდ ბენუზე ვირტუალური მოგზაურობის საშუალებას იძლევა.

ნახეთ: ამ ვიდეოს საშუალებით მარსზე მდებარე ყინულით სავსე კრატერს გადაუფრენთ

NASA-ში მომუშავე სპეციალისტებმა ვიდეორგოლის დასამონტაჟებლად 2016 წელს გაშვებული ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის, OSIRIS-REx-ის მიერ გადაღებული ფოტოსურათები გამოიყენეს. დაახლოებით 500 მეტრი გარშემოწერილობის მქონე ასტეროიდი ზონდმა ორი ხელსაწყოს მეშვეობით დააფიქსირა. ლაზერულმა ალტიმეტრმა OLA, რომელიც კანადის კოსმოსურმა სააგენტომ შექმნა, ბენუზე დაშვებისთვის შერჩეული სავარაუდო ადგილების დეტალური რუკები და მის ზედაპირზე არსებული ლოდების ზომების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. ტელესკოპის კამერამ PolyCam კი ციურ სხეულს მაღალი გარჩევადობის სურათები გადაუღო.

 

მცირე ხნის წინ, NASA-ში მომუშავე მეცნიერებმა, აშშ-ის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე ასტრონომებთან და კანადელ კოლეგებთან ერთად, ბენუზე უძველესი მდინარეების კვალს მიაგნეს. მათ OSIRIS-REx-ის მიერ შეგროვებული ვიზუალური მასალის ანალიზისას ციური სხეულის ზედაპირზე დალექილი თეთრი შეფერილობის კარბონატები დააფიქსირეს. ეს მინერალები კი, როგორც წესი, ისეთ ადგილებში წარმოიქმნება, სადაც წყალი მოედინება.

მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუზე მდინარეების კვალი აღმოაჩინეს

კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე 20 ოქტომბერს დაეშვება და გეოლოგიური მასალის მოპოვებას შეეცდება, რომელსაც დედამიწაზე 2023 წლისთვის ჩამოიტანს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს ნიმუშები მათ ციური სხეულის ფორმირების უკეთ შესწავლაში დაეხმარებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები