Thumbnail

ნახეთ: ამერიკელი მამაკაცი პუმის თავდასხმას 6 წუთის განმავლობაში იგერიებდა

აშშ-ის იუტას შტატში მცხოვრები კაილ ბერჯესი დილის გარბენისას ძუ პუმას გადაეყარა, რომლის თავდასხმის თავიდან არიდებასაც 6 წუთის განმავლობაში ცდილობდა. ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო ამერიკული რადიოსადგურის KSL Newsradio ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

26 წლის ბერჯესი ქალაქ პროვოს მახლობლად მდებარე სლეიტ კანიონში იმყოფებოდა, როდესაც გზაზე მცირე ზომის ოთხი ცხოველი შენიშნა. თავდაპირველად მამაკაცმა ისინი ფოცხვრებად მიიჩნია, მიუახლოვდა და სმარტფონით გადაღება დაუწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და საქმე პუმის ბოკვრებთან ჰქონდა. კატისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენელთა სწორად იდენტიფიცირებაში კაილს მათი დედა დაეხმარა - უზარმაზარი მთის ლომი, რომელიც მოულოდნელად გზაზე გადმოხტა და მის წინაშე აღმოჩნდა.

► ნახეთ: ფლორიდაში გველებზე მონადირემ გიგანტური პითონი დაიჭირა

ბერჯესი არ დაიბნა, მტაცებელს ზურგი არ შეაქცია და არ გაიქცა - ეს პუმის მხრიდან დაუყოვნებლად თავდასხმას გამოიწვევდა. მამაკაცმა ლანძღვა-გინებითა და ხვეწნა-მუდარით ფრთხილად უკან დახევა დაიწყო ისე, რომ ტელეფონით გადაღება არ შეუწყვეტია, დროდადრო კი ცხოველის შესაშინებლად იღრინებოდა კიდეც. პუმამ რამდენჯერმე გაიწია მასზე, თუმცა თავდასხმა ვერ გაბედა და საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. 6 წუთის განმავლობაში მიმდინარე დევნა მას შემდეგ შეწყდა, რაც ბერჯესმა გზიდან დიდი ქვა აიღო და მტაცებელს ესროლა, ეს უკანასკნელი კი გაიქცა და თავი ტყეს შეაფარა.

 

შემთხვევის შედეგად კაილ ბერჯესი არ დაზიანებულა, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა კი ინციდენტის შესახებ საუბრისას განაცხადეს, რომ მამაკაცი სწორად მოქმედებდა და სწორედ ამან გადაარჩინა ის ცხოველის თავდასხმას.

პუმა, რომელსაც ასევე მთის ლომის სახელით მოიხსენიებენ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს და კატისებრთა ოჯახის მეოთხე ყველაზე დიდი წარმომადგენელია ვეფხვის, ლომისა და იაგუარის შემდეგ. როგორც წესი, ეს მტაცებელი ცდილობს, ადამიანებს მოერიდოს და მათ თავს არ ესხმის, ხოლო იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ეს მაინც ხდება, უმეტეს წილად შებინდებისას ან ღამე, დაზარალებულები ძირითადად ბავშვები და ტანმორჩილი ადამიანები არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები