Thumbnail

ნახეთ: რუსულმა "სოიუზმა" NASA-ს ასტრონავტი ორბიტაზე უკანასკნელად გაიყვანა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

რუსულმა "სოიუზის" ტიპის კოსმოსურმა ხომალდმა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ასტრონავტი დედამიწის ორბიტაზე უკანასკნელად გაიყვანა. ამიერიდან, NASA-ს მისიების მონაწილეთა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებას სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია SpaceX თავისივე წარმოებული საფრენი აპარატით Crew Dragon უზრუნველყოფს.

Crew Dragon-ის მეორე ეკიპაჟიანი ფრენა ნოემბრისთვის გადაიდო

კოსმოსური ხომალდი "სოიუზ მს-17" ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა, დედამიწას ორჯერ შემოუარა და გაშვებიდან რეკორდულ დროში, დაახლოებით 3 საათსა და 3 წუთში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. აღსანიშნავია, რომ ადრე "სოიუზის" ტიპის საფრენ აპარატებს ამისთვის ექვსი საათი სჭირდებოდათ.

ხომალდმა ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულზე ამერიკელი ასტრონავტი ქეით რუბინსი თავის რუს კოლეგებთან, სერგეი რიჟიკოვთან და სერგეი სვერჩკოვთან ერთად მიიყვანა. ისინი სადგურის ეკიპაჟის ამჟამინდელ წევრებს - კრის კესიდის, ანატოლი ივანიშინისა და ივან ვაგნერს ჩაანაცვლებენ, რომლებიც ამავე საფრენი აპარატით დედამიწაზე 21 ოქტომბერს დაბრუნდებიან.

 

NASA მომდევნო ეკიპაჟიან ფრენას კოსმოსში SpaceX-ის მიერ წარმოებული კაფსულით Crew Dragon მიმდინარე წლის ნოემბერში გეგმავს. Crew-1-ის სახელით ცნობილ ექვსთვიან მისიაში მონაწილეობას ამერიკელი ასტრონავტები - მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი მიიღებენ. Crew Dragon-ს ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა Falcon 9-ით გაუშვებენ, რის შემდეგაც კაფსულა Resilience ეკიპაჟის წევრებს ჩვენი პლანეტის ორბიტაზე განლაგებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიყვანს. ცნობილია, რომ ასტრონავტები დედამიწაზე 2021 წლის გაზაფხულზე დაბრუნდებიან.

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის პირველი ეკიპაჟიანი მისია, რომელშიც მონაწილეობა რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ მიიღეს, 2020 წლის 30 მაისს შედგა. მომდევნო დღეს კი Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ეს კოსმოსური ფრენების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ადამიანის გაყვანა კომერციულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო.

რუსეთს სურს, ტომ კრუზს კოსმოსში ფილმის გადაღება დაასწროს

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. თუ ბოლო დრომდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა, SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები