Thumbnail

ნახეთ: კოსმოსურმა ხომალდმა BepiColombo ვენერას ფონზე სელფები გადაიღო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების საერთო მისიის ფარგლებში, რომელიც მერკურის შესწავლას ისახავს მიზნად, ორი ზონდისგან შემდგარმა აპარატმა BepiColombo გზად ვენერას ჩაუფრინა და მის ფონზე სელფები გადაიღო.

პლანეტის შავ-თეთრი სურათები კოსმოსურ ხომალდზე დამონტაჟებულმა კამერამ 10,720 კილომეტრი მანძილიდან აღბეჭდა. 52 წამის შუალედით გადაღებული 64 ფოტო აპარატმა დედამიწაზე გამოაგზავნა. სწორედ მათი მეშვეობით შეძლეს სპეციალისტებმა შთამბეჭდავი ვიდეოს აწყობა. ინტერნეტში გავრცელებული კადრებზე ჩანს, როგორც ჩაუფრინა BepiColombo-მ ვენერას ნათელ, შემდეგ კი ბნელ მხარეს.

"როსკოსმოსის" ხელმძღვანელი: ვენერა რუსული პლანეტაა

აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლევრებმა ვენერაზე დაკვირვების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და მასთან მიახლოებისას ხომალდის რამდენიმე ხელსაწყო გაააქტიურეს, რომელთა საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციაც ამჟამად შესწავლის პროცესშია. არაა გამორიცხული, რომ უახლესი მონაცემების გაანალიზება მეცნიერებს ციური სხეულის ფორმირებისა და განვითარების შესახებ მეტის გაგებაში დაეხმაროს.

ვენერა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის სექტემბერში მოექცა, როდესაც მის ატმოსფეროში უფერო აირის, ფოსფინის მაღალი კონცენტრაციის შესახებ გახდა ცნობილი. ეს უკანასკნელი დედამიწაზე სხვადასხვა ქიმიური და ბიოლოგიური პროცესისას გამოიყოფა. მას ხშირად ანაერობული ბაქტერიები ჟანგბადის დაბალი შემცველობის მქონე ადგილებში, ჭაობებში, ტბების დანალექ ქანებსა თუ ცხოველთა შინაგან ორგანოებში წარმოქმნიან. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ აირის სხვა პლანეტაზე დაფიქსირება, შესაძლოა, იქ სიცოცხლის არსებობის მანიშნებელი იყოს. 

მეცნიერებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის მტკიცებულებას მიაკვლიეს

კოსმოსური ხომალდი BepiColombo მერკურის ორბიტამდე 2025 წელს მიაღწევს. იქამდე მან რამდენჯერმე უნდა ჩაუფრინოს სხვადასხვა ციურ სხეულს, რომელთა გრავიტაციაც აპარატს მოძრაობის დაჩქარებასა და სწორი მიმართულებით გადაადგილებაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზნით, მომდევნო ჯერზე ის ვენერას 2021 წლის 10 აგვისტოს 550 კილომეტრით მიუახლოვდება და პლანეტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები