Thumbnail

ტემპერატურის ზრდა ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილებშიც დააფიქსირეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნულ სააგენტოში (NOAA) მომუშავე მეცნიერებმა ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილის ღრმა წყლებში ტემპერატურის მატების ტენდენცია შენიშნეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

მეცნიერთა განცხადებით, 2020 წლის სექტემბერი რეკორდულად ცხელი იყო

მკვლევართა გუნდმა ზემოხსენებული მოვლენა ატლანტის ოკეანეში მდებარე არგენტინის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ფსკერის მიმდებარედ, 1360-დან 4757 მეტრამდე ოთხ სხვადასხვა სიღრმეზე განთავსებული ტემპერატურის საზომი მოწყობილობით დააფიქსირეს. ხელსაწყოს მიერ 2009-2019 წლებში შეგროვებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ დეკადის განმავლობაში იქ წყლის ტემპერატურა მოსალოდნელზე მეტად, საშუალოდ 0.02 °C-დან 0.04 °C-მდე გაიზარდა.

ატლანტის ოკეანის აუზი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან. ფოტო: ISS

დედამიწის მიერ ათვისებული სითბოს დაახლოებით 90 პროცენტი სწორედ ოკეანეებს გადაეცემა. იმის მიუხედავად, რომ ისინი ძალიან ნელა თბებიან, გაზრდილი ტემპერატურა წყლის მოლეკულების გაფართოებას იწვევს, რაც თავის მხრივ, ზღვის დონის მატებასა და ტროპიკული ციკლონების გაძლიერებას განაპირობებს. ნაშრომის ავტორები ოკეანეების სიღრმეში ტემპერატურის ცვლილებაზე დასაკვირვებლად ახალი სისტემის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც მეცნიერებს მსგავსი მოვლენების პროგნოზირებაში დაეხმარება.

მეცნიერებმა 100 მილიონი წლის წინ ოკეანეში დამარხული ბაქტერიები გააცოცხლეს

მკვლევართათვის აღნიშნული ტენდენციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ის ჩვენი პლანეტის ეკოსისტემაზე. თუმცა, უკანასკნელმა მიგნებამ გვიჩვენა, რომ ოკეანეების სიღრმეში მიმდინარე პროცესები იმაზე კომპლექსურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

კომენტარები

ბოლო ამბები