Thumbnail

ილონ მასკი: კოსმოსური ხომალდი Starship მარსზე 2024 წელს გაფრინდება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, კოსმოსური ხომალდის Starship უეკიპაჟო ფრენა წითელ პლანეტაზე 2024 წელს შედგება. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ეს განცხადება მარსის საერთაშორისო საზოგადოების 23-ე ყრილობის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე გააკეთა.

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდ Starship-ის ძრავა გამოცადა

მასკის ვარაუდით, Starship წითელ პლანეტაზე გასამგზავრებლად ჯერ კიდევ 2023 წლისთვის იქნება მზად, თუმცა ფრენის თარიღის დასაგეგმად SpaceX-ის სპეციალისტებს დედამიწისა და მარსის ურთიერთმდებარეობის გათვალისწინება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ ორ პლანეტას შორის მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პერიოდი ყოველ 26 თვეში ერთხელ დგება. შემდეგი ფანჯარა 2022 წელს გაიხსნება, თუმცა ამ დროისთვის კოსმოსური ხომალდი ციურ სხეულზე გასაფრენად ჯერ მზად არ იქნება. ასე რომ, Starship-ის წითელ პლანეტაზე გაშვებას ილონ მასკის კომპანია სწორედ ოთხი წლის შემდეგ შეძლებს. მანამდე კი SpaceX საფრენი აპარატის გამოყენებას 2023 წელს მთვარეზე დაგეგმილი ტურისტული მისიის ფარგლებში აპირებს.

კოსმოსურ ხომალდ Starship-ის პროტოტიპი SN6 ტესტირების დროს 150 მეტრ სიმაღლეზე აფრინდა. ფოტო: SpaceX

Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი.

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსურ ხომალდ Starship-ის საწვავის მორიგი ავზი ააფეთქა

სამომავლოდ კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. მოცემული დროისთვის ილონ მასკის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ხომალდის ორი პროტოტიპი SN5 და SN6 ტესტირების დროს 150 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ხმელეთზე უსაფრთხოდ დაეშვა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს Starship-ის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები