Thumbnail

კომპანია Nokia მთვარეზე 4G ქსელს განალაგებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოსა და საკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელ კორპორაცია Nokia-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეს უკანასკნელი მთვარეზე ფიჭური კავშირგაბმულობის პირველ ქსელს განალაგებს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად NASA ფინურ კომპანიას 14,1 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

მთვარეზე 3D პრინტერით შენობების ასაგებად 14 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო

Nokia დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე თავდაპირველად 4G (LTE) საკომუნიკაცო სისტემის განთავსებას იმედოვნებს, რომელსაც მოგვიანებით მეხუთე თაობის ტექნოლოგია ჩაანაცვლებს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მთვარეზე დაგეგმილი მისიების დროს ფიჭური კავშირი ასტრონავტებს ერთმანეთთან კომუნიკაციის, მთვარემავლების უკეთესად მართვის, ციური სხეულის ზედაპირზე რეალურ დროში ნავიგაციისა და პირდაპირი ეთერის რეჟიმში მაღალი ხარისხის ვიდეომაუწყებლობის შესაძლებლობას მისცემს.

მთვარეზე ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელი იქ არსებული სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით უნდა განლაგდეს, რომ ექსტრემალური ტემპერატურების, რადიაციისა თუ კოსმოსური ვაკუუმის პირობებში ხარვეზების გარეშე ფუნქციონირება შეძლოს. მისი მუშაობა არც კოსმოსური ხომალდების აფრენისა და დაშვების შედეგად ციური სხეულის ზედაპირზე წარმოქმნილმა ვიბრაციამ უნდა შეაფერხოს. Nokia მთვარეზე 4G ტექნოლოგიის დანერგვას 2022 წლის ბოლოდან გეგმავს, თუმცა პროექტის განხორციელების ეტაპებისა და ვადების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

ნახეთ: NASA-მ მთვარეზე უსაფრთხოდ დასაშვებად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა

როგორც ცნობილია, NASA ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას 2024 წელს გეგმავს, 2028 წლისთვის კი იქ ბაზის აშენება აქვს განზრახული. ამ მისიებისთვის მზადების პროცესში კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის წარმოების, რობოტოტექნიკის, ციური სხეულის ზედაპირზე უსაფრთხო დაშვებისა თუ რადიაციისგან დაცვის ინოვაციური სისტემებისა და ტექნოლოგიების შესაქმნელად ათზე მეტი კომპანიისთვის საერთო ჯამში 370 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

კომენტარები

ბოლო ამბები