Thumbnail

ილონ მასკმა საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმა გააცნო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა მარსის საერთაშორისო საზოგადოების 23-ე ყრილობის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმა გააჟღერა. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის განცხადებით, ადამიანებმა იქ ცხოვრება დედამიწასთან კავშირის გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით უნდა შეძლონ.

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდ Starship-ის ძრავა გამოცადა

ილონ მასკმა მარსის კოლონიზაციის საჭიროება ჩვენს პლანეტაზე მოსალოდნელი საფრთხეების, მათ შორის, მეტეორის შეჯახების, ვულკანის მასშტაბური ამოფრქვევისა და ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობით ახსნა. SpaceX-ის დამფუძნებელმა განსაკუთრებული ყურადღება მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდ ალბათობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სასურველია, კაცობრიობამ წითელი პლანეტაზე დასახლება ამ მოვლენამდე მოასწროს. ილონ მასკმის განცხადებით, მარსზე ქალაქის მშენებლობის დაწყება 2050 წლიდან იგეგმება.

ასეთი იქნება მომავალი კოლონია პლანეტა მარსზე. ფოტო: SpaceX

კომპანია SpaceX-მა ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი Starship სწორედ მარსსა და მთვარეზე ეკიპაჟიანი ფრენებისთვის შექმნა. მისი დანიშნულება წითელ პლანეტასა და დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ერთდროულად ასი ადამიანის ტრანსპორტირებაა. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი. Starship ზომითა და წონით კომპანიის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ ხომალდებზე პატარაა და სავარაუდოდ, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც.

ილონ მასკი: კოსმოსური ხომალდი Starship მარსზე 2024 წელს გაფრინდება

აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. რაც შეეხება მარსს, ილონ მასკის განცხადებით, Starship-ის პირველი უეკიპაჟო ფრენა იქ 2024 წელს განხორციელდება. მოცემული დროისთვის მისი მთავარი ამოცანა კოსმოსური ხომალდის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს საფრენი აპარატის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები