Thumbnail

ნახეთ: მეცნიერებმა ადამიანის თავის ქალაში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ადამიანის ანატომიურ აგებულებას მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში სწავლობდნენ და ამ საკითხის შესახებ, ერთი შეხედვით, ამომწურავ ცოდნასაც მოუყარეს თავი, თუმცა მათი ახალი მიგნება ადასტურებს, რომ ჩვენი ორგანიზმი კიდევ არაერთ საიდუმლოს ინახავს. ამას ნიდერლანდელი მედიკოსების მიერ ადამიანის თავის ქალაში, ცხვირ-ხახის მიმდებარედ ახლახან აღმოჩენილი სანერწყვე ჯირკვლების წყვილიც ადასტურებს, რომლის არსებობის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით.

ექიმებმა თავის ქალებით შეერთებული სიამის ტყუპები განაცალკევეს

გამოცემაში Radiotherapy and Oncology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ახალი ორგანო ონკოლოგიურ პაციენტებისთვის გადაღებული ტომოგრაფიული გამოსახულებების შესწავლისას, სრულიად შემთხვევით შენიშნეს. კიბოს უჯრედების აღმოსაჩენად, მათ დაავადებულ ადამიანებს სკანირებამდე ორგანიზმში სპეციალური რადიოაქტიური ნივთიერება შეუყვანეს, რომელსაც სიმსივნური კერები უნდა გაენათებინა. პროცედურის შედეგად მოპოვებულ სურათებზე დაკვირვებისას, სპეციალისტებმა თავის ქალაში ორი უჩვეულო ნათელი ლაქა შენიშნეს და მათი წარმომავლობის დასადგენად კვლევის გაგრძელება გადაწყვიტეს. მეცნიერთა გუნდმა ჯამში 100 პაციენტის მონაცემები გააანალიზა და ორი გვამი გაკვეთა. შედეგად, მათ დაასკვნეს, რომ საქმე არა რაიმე ანომალიასთან, არამედ სრულიად უცნობ სანერწყვე ჯირკვლებთან ჰქონდათ.

სურათზე გამოსახული ისარი ახალაღმოჩენილი სანერწყვე ჯირკვლების მდებარეობას გვიჩვენებს: The Netherlands Cancer Institute

ადამიანს სულ სამი მთავარი სანერწყვე ჯირკვალი აქვს - ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა, რომლებიც ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამის გარდა, ჩვენს სხეულში, ლორწოვანი გარსის მიმდებარედ, ათასამდე მცირე ზომის მსგავსი ორგანოა განლაგებული, რომელთა დანახვა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია. მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი წარმონაქმნები მათთან შედარებით ბევრად დიდია, ამიტომ, შესაძლოა, ისინი სამი წყვილისგან შემდგარ ზემოხსენებულ ჯგუფს მიეკუთვნებოდეს.

ნახეთ: ქალი ტვინზე ოპერაციის დროს ვიოლინოზე უკრავს

კვლევის მცირე მასშტაბების გამო, ნაშრომის ავტორები კონკრეტული დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებენ და აღნიშნული საკითხის უკეთ შესწავლას გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ მათი ვარაუდი დამტკიცდება, ეს თანამედროვე მედიცინაში დანერგილ მკურნალობის მეთოდებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მაგალითისთვის, სხივურ თერაპიაზე, რომელმაც დიდი შანსია, სანერწყვე ჯირკვალი დააზიანოს და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები