Thumbnail

სინგაპურის ავიახაზები მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ ფრენებს განახორციელებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სინგაპურის ავიახაზები მიმდინარე წლის ნოემბრიდან მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენების განხორციელებას დაიწყებს, რომლის დროსაც მგზავრებს თვითმფრინავში ყოფნა დაახლოებით 19 საათის განმავლობაში მოუწევთ. ახალი მარშრუტი, რომელიც 15,347 კილომეტრ მანძილს მოიცავს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე კუნძულოვან ქალაქ-სახელმწიფოს ნიუ იორკთან დააკავშირებს.

ნახეთ: ინგლისში წყალბადის საწვავზე მომუშავე სამგზავრო თვითმფრინავი გამოცადეს

ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავები სინგაპურში მდებარე ჩანგის აეროპორტიდან ნიუ იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტისა და უკანა მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებენ. მარშრუტზე Airbus A350-900 XWB იფრენს, რომელსაც 42 ბიზნეს კლასის, 24 პრემიუმ ეკონომ კლასისა და 187 ეკონომ კლასის სამგზავრო ადგილი აქვს. სინგაპურიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე ფრენის ხანგრძლივობა 18 საათი და 5 წუთი, უკანა გზაზე კი 18 საათი და 40 წუთი იქნება.

თვითმფრინავი A350-900 XWB, რომელიც სინგაპურიდან ნიუ იორკის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს. ფოტო: Airbus

სინგაპურიდან ნიუ იორკამდე ავიარეისებს აქამდე თვითმფრინავი Airbus A380 ასრულებდა, რომელიც საწვავის შესავსებად გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში ჯდებოდა. 2004 წლიდან კი პირდაპირი რეისები ნიუ ჯერსის შტატში მდებარე ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებითაც დაიწყო. ახალი მარშრუტის დამტკიცებამდე, მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივად სწორედ მის ფარგლებში, 15,343 კილომეტრზე შესრულებული ფრენები მიიჩნეოდა.

ნახეთ: კომპანია Vertical Aerospace მფრინავი ტაქსების წარმოებას იწყებს

სინგაპურის ავიახაზები ჯონ კენედის სახელობის აეროპორტისკენ პირველ პირდაპირ რეისს 9 ნოემბერს შეასრულებს, უკანა მიმართულებით ფრენა კი 11 ნოემბერს განხორციელდება. თვითმფრინავები ამ მარშრუტზე კვირაში სამჯერ იფრენენ. ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მგზავრები საფრენ აპარატში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დამცავი ნიღბის ტარება მათ თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მოუწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები