Thumbnail

ნახეთ: NASA-ს კოსმოსური ხომალდი ასტეროიდ ბენუზე წარმატებით დაეშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx ჩვენგან ამჟამად 321 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ ბენუზე დაეშვა. ისტორიული მისიის მიზანი დაახლოებით 500 მეტრი გარშემოწერილობის მქონე ციური სხეულის ზედაპირიდან ნიმუშების მოპოვება იყო.

ნახეთ: ვირტუალური ტური ასტეროიდ ბენუზე

დასახული ამოცანის შესასრულებლად კოსმოსური ხომალდი ბენუს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე კრატერში უსაფრთხო ადგილზე დაეშვა. დაჯდომისას მან უფერო აირი, აზოტი გაუშვა, რამაც იქ არსებული მტვერი და ქვები შეარხია, რათა OSIRIS-REx-ს მათი აღება გამარტივებოდა. მომდევნო დღეებში NASA-ს სპეციალისტები დაადგენენ, რამდენად წარმატებული იყო განხორციელებული მისია. იმ შემთხვევაში, თუ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, ზონდი იგივე მანევრს 2021 წლის იანვარში გაიმეორებს.

 

ბენუ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც NASA-ში მომუშავე მეცნიერებმა, აშშ-ის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე ასტრონომებთან და კანადელ კოლეგებთან ერთად, იქ უძველესი მდინარეების კვალს მიაგნეს. მათ OSIRIS-REx-ის მიერ შეგროვებული ვიზუალური მასალის ანალიზისას ციური სხეულის ზედაპირზე დალექილი თეთრი შეფერილობის კარბონატები დააფიქსირეს. ეს მინერალები კი, როგორც წესი, ისეთ ადგილებში წარმოიქმნება, სადაც წყალი მოედინება.

მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუზე მდინარეების კვალი აღმოაჩინეს

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ და სხვა საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებასა და ასტეროიდის წარმომავლობისა თუ ფორმირების უკეთ შესწავლაში სწორედ OSIRIS-REx-ის მიერ აღებული ნიმუშები დაეხმარებათ, რომელსაც ხომალდი დედამიწაზე 2023 წლისთვის ჩამოიტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები