Thumbnail

ნახეთ: ამერიკელი ასტრონავტი და რუსი კოსმონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკელი ასტრონავტი კრის კესიდი, თავის რუს კოლეგებთან, ანატოლი ივანიშინთან და ივან ვაგნერთან ერთად, "სოიუზის" ტიპის ხომალდით საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდა. რიგით 63-ე ექსპედიციის მონაწილე ეკიპაჟის წევრებმა ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულზე უწონადობაში 196 დღე გაატარეს.

რუსული "სოიუზ მს-16" კოსმოსური სადგურისგან განცალკევების შემდეგ დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა და ყაზახეთის ქალაქ ჯეზყაზღანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ხმელეთზე უსაფრთხოდ დაეშვა. კაფსულიდან გადმოსვლისთანავე ასტრონავტებმა პირველადი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ამერიკელი ასტრონავტი, კრის კესიდი, თავის რუს კოლეგებთან, ივან ვაგნერთან და ანატოლი ივანიშინთან ერთად. ფოტო: NASA

63-ე ექსპედიციის წევრები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელმა ასტრონავტმა, ქეით რუბინსმა და რუსმა კოსმონავტებმა, სერგეი რიჟიკოვმა და სერგეი სვერჩკოვმა შეცვალეს. ისინი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე "სოიუზის" ტიპის ხომალდით ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან 15 ოქტომბერს გაფრინდნენ, უკან კი მომავალი წლის აპრილში დაბრუნდებიან.

ნახეთ: რუსულმა "სოიუზმა" NASA-ს ასტრონავტი ორბიტაზე უკანასკნელად გაიყვანა

აღსანიშნავია, რომ NASA-ს მისიებში მონაწილე ასტრონავტებმა რუსული საფრენი აპარატით უკანასკნელად ისარგებლეს. ამის შემდეგ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მათ გამგზავრებასა და უკან დაბრუნებას სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია SpaceX თავისივე წარმოებული საფრენი აპარატით Crew Dragon უზრუნველყოფს. Crew-1-ის სახელით ცნობილი ექვსთვიანი მისიის ფარგლებში ის ორბიტაზე ამერიკელ ასტრონავტებს - მაიკლ ჰოპკინსს, ვიქტორ გლოვერს, შენონ ვოქერსა და იაპონელ სოიჩი ნოგუჩის მიმდინარე წლის ნოემბერში გაიყვანს.

კომენტარები

ბოლო ამბები