Thumbnail

ნახეთ: NASA-მ ასტეროიდ ბენუზე ხომალდის OSIRIS-REx დაშვების კადრები გაავრცელა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) 20 ოქტომბერს გადაღებული შთამბეჭდავი კადრები გაავრცელა, რომელზეც ჩვენგან ამჟამად 321 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ ბენუზე კოსმოსური ხომალდის OSIRIS-REx დაშვების პროცესია აღბეჭდილი. ისტორიული მისიის მიზანი დაახლოებით 500 მეტრი გარშემოწერილობის მქონე ციური სხეულის ზედაპირიდან ნიმუშების მოპოვება იყო.

ნახეთ: ვირტუალური ტური ასტეროიდ ბენუზე

სააგენტოს მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ერთი 82, მეორე კი 16 ფოტოსურათითაა აწყობილი, რომლებიც კოსმოსურ ხომალდზე დამონტაჟებულმა კამერამ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გადაიღო. კადრებზე კარგად ჩანს, როგორც დაეშვა აპარატი ბენუს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე კრატერში წინასწარ შერჩეულ უსაფრთხო ადგილზე. დაჯდომისას მან უფერო აირი, აზოტი გაუშვა, რამაც იქ არსებული მტვერი და ქვები შეარხია, რათა OSIRIS-REx-ს მათი აღება გამარტივებოდა. ხომალდი ციურ სხეულს მხოლოდ 6 წამით შეეხო, შემდეგ კი უკან აფრინდა. მომდევნო დღეებში NASA-ს სპეციალისტები დაადგენენ, რამდენად წარმატებული იყო ეს მცდელობა. იმ შემთხვევაში, თუ ის უშედეგო აღმოჩნდება, ზონდი იგივე მანევრს 2021 წლის იანვარში გაიმეორებს.

 

ბენუ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც NASA-ში მომუშავე მეცნიერებმა, აშშ-ის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე ასტრონომებთან და კანადელ კოლეგებთან ერთად, იქ უძველესი მდინარეების კვალს მიაგნეს. მათ OSIRIS-REx-ის მიერ შეგროვებული ვიზუალური მასალის ანალიზისას ციური სხეულის ზედაპირზე დალექილი თეთრი შეფერილობის კარბონატები დააფიქსირეს. ეს მინერალები კი, როგორც წესი, ისეთ ადგილებში წარმოიქმნება, სადაც წყალი მოედინება.

მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუზე მდინარეების კვალი აღმოაჩინეს

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ და სხვა საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებასა და ასტეროიდის წარმომავლობისა თუ ფორმირების უკეთ შესწავლაში სწორედ OSIRIS-REx-ის მიერ აღებული ნიმუშები დაეხმარებათ, რომელსაც ხომალდი დედამიწაზე 2023 წლისთვის ჩამოიტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები