Thumbnail

ამ იტალიურ სოფელში დასახლებისთვის 8,000 ევროს გადაგიხდიან

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იტალიაში, აბრუცოს რეგიონის მთიან მხარეში მდებარე სოფელ სანტო სტეფანო დი სესანიოში დასახლებისთვის 18-დან 40 წლამდე ადამიანებს ადგილობრივი ხელისუფლება სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 8 ათას ევროს გადაუხდის. მსურველები განაცხადის ფორმის შევსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე 15 ნოემბრამდე შეძლებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შუა საუკუნეებში გაშენებულ სოფელში ამჟამად 115 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა მესამედზე მეტი პენსიონერია და მხოლოდ ცამეტია 20 წელზე ნაკლები ასაკის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს რაოდენობა სოფლის დემოგრაფიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საკმარისი არაა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარება მიმზიდველი ფინანსური შემოთავაზების საშუალებით გადაწყვიტა.

იტალიაში, აბრუცოს რეგიონის მთიან მხარეში მდებარე, შუა საუკუნეებში გაშენებულ სოფელი სანტო სტეფანო დი სესანიო.

განაცხადის შევსებისთვის აპლიკანტები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ასაკის შეზღუდვასთან ერთად, სოფელში დასახლების მთავარი წინაპირობა იქ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში დარჩენა და ბიზნესის წამოწყებაა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ერთჯერადი გრანტის სახით 20 ათასამდე ევროს გასცემს. პრიორიტეტი ტურიზმის, სპორტისა და კულტურის სფეროები, დასუფთავებისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურები, ფარმაცევტიკა და ადგილობრივი კვების პროდუქტების მარკეტინგია. 

ინიციატივა ქვეყანის გარეთ მცხოვრებ იტალიელებს, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკავშირში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების ნებართვის მქონე მესამე ქვეყნების მოქალაქეებსა და იტალიის იმ მოქალაქეეებს შეეხებათ, რომელთა ამჟამინდელ საცხოვრებელ არეალში მინიმუმ 2 ათასი ადამიანი სახლობს. ისინი არ უნდა იყვნენ ნასამართლევი დანაშაულისთვის, რომელიც მოქალაქეთა მორალზე ახდენს გავლენას და მიმდინარე დროისთვის მათ წინააღმდეგ არ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. განაცხადი უკვე 1,500-მა აპლიკანტმა შეავსო, თუმცა საწყის ეტაპზე სოფელში ცხოვრების შესაძლებლობა მხოლოდ ათ მსურველს ექნება. აღსანიშნავია, რომ სახლებს მათ იქ სიმბოლურ თანხად მიაქირავებენ.

ნახეთ: ამ იტალიურ ქალაქში სახლის ყიდვას 1 ევროდ შეძლებთ

სანტო სტეფანო დი სესანიო ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც დასახლების სანაცვლოდ ადამიანებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ. ასეთივე წინადადება ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ტურინიდან 45 კილომეტრში მდებარე ლოკანას მუნიციპალიტეტშიც გაჟღერდა, სადაც მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში მსურველებს სამი წლის განმავლობაში წელიწადში 9 ათას ევროს ჰპირდებოდნენ, პულიას რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ კანდელაში კი - 2 ათას ევროს.

კომენტარები

ბოლო ამბები