Thumbnail

NASA მთვარეზე ახალი აღმოჩენის შესახებ 26 ოქტომბერს განაცხადებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მთვარესთან დაკავშირებული ახალი აღმოჩენა დააანონსა, რომლის შესახებაც სპეციალისტები 26 ოქტომბერს დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრებენ.

მეცნიერებმა მთვარეზე რადიაციის დონე პირველად განსაზღვრეს

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერული აღმოჩენა Boeing 747SP ტიპის თვითმფრინავზე დამონტაჟებული ტელესკოპის მეშვეობით გაკეთდა. SOFIA-ს სახელით ცნობილი ეს ობსერვატორია NASA-სა და გერმანიის საჰაერო-კოსმოსური ცენტრის ერთობლივი პროექტია. კამერებით, სპექტრომეტრებითა და პოლარიმეტრებითაა აღჭურვილი ხომალდი დედამიწის ზედაპირიდან 14 კილომეტრამდე სიმაღლეზე დაფრინავს და ჩვენი მზის სისტემიდან თუ სხვა გალაქტიკებიდან მომავალ ინფრაწითელ გამოსხივებას აკვირდება. ატმოსფეროში განსაკუთრებული მდებარეობის წყალობით, SOFIA-ს ხმელეთზე განლაგებული ხელსაწყოებისთვის უხილავი ფენომენების დაფიქსირება და შესწავლა შეუძლია.

საჰაერო ობსერვატორია SOFIA . ფოტო: NASA  

NASA-ს განცხადებით, ახალი აღმოჩენა პროგრამა "არტემისს" უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც უახლოეს მომავალში დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ასტრონავტების გაშვებაა დაგეგმილი. სხვა დეტალები სააგენტოს არ გაუსაჯაროებია, თუმცა ცნობილია, რომ 26 ოქტომბერს ჩანიშნულ ონლაინ ღონისძიებაზე სიტყვით იქ მომუშავე ოთხი მკვლევარი გამოვა.

კომპანია Nokia მთვარეზე 4G ქსელს განალაგებს

პროგრამა "არტემისის" ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე 2024 წელს გაფრინდებიან. მისიის მიზანი ჩვენი პლანეტის თანამგზავრის უკეთ შესწავლა და მზის სისტემის წარმოშობისა თუ თავად დედამიწის ფორმირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა. მის განსახორციელებლად NASA ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე მუშაობს, რაც მეცნიერებს ამ ციური სხეულის ნაკლებად შესწავლილი ადგილების კვლევაში შეუწყობს ხელს. სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ახალი მოწყობილობების მთვარეზე გამოცდა 2030 წლისთვის მარსზე დაგეგმილი მისიისთვის მომზადებას დაედება საფუძვლად.

კომენტარები

ბოლო ამბები