Thumbnail

NASA-ს ხომალდის მიერ ასტეროიდ ბენუდან აღებული ნიმუშები კოსმოსში იფანტება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოსმოსურმა ხომალდმა OSIRIS-REx ჩვენგან ამჟამად 321 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ ბენუს ზედაპირიდან ნიმუშები წარმატებით მოიპოვა, თუმცა მათი ნაწილი ახლა ღია კოსმოსში იფანტება.

ნახეთ: NASA-მ ასტეროიდ ბენუზე ხომალდის OSIRIS-REx დაშვების კადრები გაავრცელა

სააგენტოს განცხადებით, ამის მიზეზი შეგროვებული ნიმუშების დიდი ოდენობაა. მისიის მიზანი დაახლოებით 500 მეტრი გარშემოწერილობის მქონე ასტეროიდიდან მინიმუმ 60 გრამი მასალის აღება იყო, მაგრამ აპარატმა ბევრად მეტის, 400-მდე გრამის მოპოვება შეძლო. ამან სათავსოს გადავსება გამოიწვია, რამაც მის ბოლომდე ჩაკეტვას შეუშალა ხელი. ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის დანაკარგი 5-დან 10 გრამამდეა. იმისათვის, რომ ეს რაოდენობა არ გაიზარდოს, ზონდის მოძრაობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. NASA-ს სპეციალისტები უახლოეს მომავალში დარჩენილი ფრაგმენტების დედამიწაზე დასაბრუნებლად განკუთვნილ კაფსულაში გადატანას გეგმავენ.

კადრებზე ჩანს, როგორ იფანტება კოსმოსური ხომალდის მიერ მოპოვებული ნიმუშები ღია კოსმოსში. ფოტო: NASA

ბენუ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც NASA-ში მომუშავე მეცნიერებმა, აშშ-ის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე ასტრონომებთან და კანადელ კოლეგებთან ერთად, იქ უძველესი მდინარეების კვალს მიაგნეს. მათ OSIRIS-REx-ის მიერ შეგროვებული ვიზუალური მასალის ანალიზისას ციური სხეულის ზედაპირზე დალექილი თეთრი შეფერილობის კარბონატები დააფიქსირეს. ეს მინერალები კი, როგორც წესი, ისეთ ადგილებში წარმოიქმნება, სადაც წყალი მოედინება.

მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუზე მდინარეების კვალი აღმოაჩინეს

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ და სხვა საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებასა და ასტეროიდის წარმომავლობისა თუ ფორმირების უკეთ შესწავლაში სწორედ OSIRIS-REx-ის მიერ აღებული ნიმუშები დაეხმარებათ, რომელსაც ხომალდი დედამიწაზე 2023 წლისთვის ჩამოიტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები