Thumbnail

ილონ მასკი Starlink-ის სატელიტების განლაგებას მარსის გარშემოც გეგმავს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანია SpaceX დედამიწის ორბიტაზე განლაგებული Starlink-ის სატელიტების თანავარსკვლავედის მსგავსი სისტემის შექმნას მომავალში მარსის გარშემოც აპირებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის პრეზიდენტმა, გვინ შოთველმა გამოცემა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ილონ მასკმა საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმა გააცნო

SpaceX-ის პრეზიდენტი წითელი პლანეტის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების განლაგების აუცილებლობას იქ კოლონიის მშენებლობას უკავშირებს, რომელიც 2050 წლისთვისაა დაგეგმილი. შოთველის განცხადებით, მარსზე დასახლების შემდეგ, ადამიანებს მონაცემთა გაცვლაში სწორედ მსგავსი სისტემა დაეხმარება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ციური სხეულის გარშემო მოძრავმა სატელიტებმა დაკავშირება დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ Starlink-ის თანავარსკვლავედთანაც უნდა შეძლონ, რაც ორ პლანეტას შორის უწყვეტ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

ასე გამოიყურება დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრები ღამის ცაზე.

"სხვა პლანეტაზე კოლონიების მშენებლობაზე საუბარი დედამიწის მიტოვებას არ ნიშნავს. ეს კაცობრიობისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემაა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პლანეტაზე კატასტროფა მოხდება", - განმარტავს SpaceX-ის პრეზიდენტი, გვინ შოთველი.

მსგავსი შინაარსის განცხადება ცოტა ხნის წინ კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმაც გააკეთა. მან მარსის კოლონიზაციის საჭიროება დედამიწაზე მოსალოდნელი საფრთხეების, მათ შორის, მეტეორის შეჯახების, ვულკანის მასშტაბური ამოფრქვევისა და ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობით ახსნა.

წითელი პლანეტის გარშემო ხელოვნური თანამგზავრების განლაგებამდე ილონ მასკის კომპანია Starlink-ის სატელიტების თანავარსკვლავედის შექმნას დედამიწის ორბიტაზე ცდილობს. მისი დანიშნულება ჩვენი პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაა. პირველ ეტაპზე სატელიტების რაოდენობა 1500-მდე იქნება, მომავალში კი დედამიწის გარშემო 42 ათასი თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ.

ილონ მასკი: Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობისთვის ორბიტაზე საკმარისი სატელიტია

2020 წელს პროექტ Starlink-ის ფარგლებში SpaceX-ს სულ 24 გაშვება აქვს დაგეგმილი. სერვისის ბეტა ვერსიის ტესტირება უკვე მიმდინარეობს. ცოტა ხანში სწრაფი ინტერნეტით სარგებლობას კანადის სამხრეთ პროვინციებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს, 2021 წლიდან კი ქსელში თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები