Thumbnail

ნახეთ: თევზს, რომელმაც ყველა მეგობარი შეჭამა, დაბადების დღე გადაუხადეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარე აკვარიუმში მობინადრე უზარმაზარ ქორჭილას, რომელმაც თავისი ყველა მეგობარი შეჭამა, დაწესებულების თანამშრომლებმა 16 წლის იუბილეს აღსანიშნად წვეულება მოუწყვეს. ამით მათ მარტო დარჩენილი და ვიზიტორებს მონატრებული თევზის გამხიარულება სურდათ.

კარანტინის გამო დაკეტილ აკვარიუმში თევზებს დეპრესია დაეწყოთ

ქორჭილა, სახელად მიკო, რომელიც 1 მეტრი სიგრძისაა და 16 კილოგრამს იწონის, პირქუში შესახედაობითა და კარგი მადით გამოირჩევა. ამას წლების განმავლობაში მასთან ერთად მოთავსებული არაერთი წყლის ბინადარი ემსხვერპლა, მათ შორის, შხამიანი ლომთევზა. ამ ინციდენტის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით დახურული აკვარიუმის პერსონალმა მიკო იზოლაციაში გადაიყვანა. მეგობრების გარეშე დარჩენილმა და მნახველების ყურადღებას მოწყურებულმა თევზმა ძალიან მოიწყინა. სწორედ ამიტომ, დაწესებულების თანამშრომლებმა მისი გამხნევება გადაწყვიტეს და დაბადების დღეზე ორაგულის "ტორტი" მიართვეს, რომელიც იუბილარმა მთლიანად გადასანსლა.

 

მიკო ჰელსინკის აკვარიუმს ერთ-ერთმა ზოომაღაზიამ 2007 წელს გადასცა, რადგან უზარმაზარ ქორჭილას ვეღარსად ატევდნენ. ახალმა პატრონებმა მსუნაგი თევზი სპეციალურ დიეტაზე დასვეს. მიკო კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ კალმარით, ქაშაყით, სკუმბრიითა და მერლანგით იკვებება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მისთვის საკმარისი არ არის. დასანაყრებლად მეზობლების შესანსვლის გარდა, ის უარს არც სხვადასხვა ნივთზე ამბობს. მაგალითისთვის, 2019 წლის დეკემბერში ქორჭილამ მომვლელს ჯაგრისი წაართვა და მისი გადაყლაპვა სცადა, მაგრამ ყელში გაეჩხირა. მისი ამოღების ოპერაცია სპეციალისტებმა წყლის ბინადარს ანესთეზიის ქვეშ ჩაუტარეს.

ნახეთ: წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსის საუკეთესო სურათები

ჰელსინკის აკვარიუმის წარმომადგენელთა განცხადებით, დაწესებულებაში მნახველების დაბრუნება თევზის განწყობაზე დადებითად აისახება. მიკო ვიზიტორთა განსაკუთრებულ ყურადღებასაა მიჩვეული და მათი დანახვისას ყოველთვის უფრო ხალისიანი და აქტიური ხდება. რაც შეეხება მის მომდევნო დაბადების დღეს, მომვლელები ამ თარიღის აღსანიშნად გეგმებს უკვე აწყობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები