Thumbnail

NASA მთვარეზე წყლის არსებობას ადასტურებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) წარმომადგენლებმა 26 ოქტომბერს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე საზოგადოებას ახალი აღმოჩენის შესახებ შეატყობინეს, რომლის თანახმადაც მთვარეზე წყალი ნამდვილად არსებობს, თანაც იმაზე დიდი ოდენობით, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ამას გამოცემაში Nature Astronomy ახლახანს გამოქვეყნებული ორი ნაშრომი მოწმობს, რომლის ავტორებიც NASA-ში მომუშავე სპეციალისტებთან ერთად, აშშ-ის სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტსა თუ უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერები არიან.

მეცნიერებმა მთვარეზე რადიაციის დონე პირველად განსაზღვრეს

პირველი კვლევა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე წყლის აღმოჩენის შესახებ იუწყება. მეცნიერებმა ნივთიერების სპექტრული კვალი მთვარის სამხრეთ პოლუსის მიმდებარედ განლაგებულ კრატერებში Boeing 747SP ტიპის თვითმფრინავზე დამონტაჟებული ტელესკოპის მეშვეობით შენიშნეს. SOFIA-ს სახელით ცნობილი ეს ობსერვატორია კამერებით, სპექტრომეტრებითა და პოლარიმეტრებითაა აღჭურვილი და ჩვენი მზის სისტემიდან თუ სხვა გალაქტიკებიდან მომავალ ინფრაწითელ გამოსხივებას აკვირდება. მის მიერ მოპოვებული მონაცემების შესწავლამ აჩვენა, რომ მთვარის ზემოხსენებულ რეგიონში არსებულ გრუნტში H2O-ის კონცენტრაცია მილიონში 100-დან 400-მდეა. შედარებისთვის, ეს იგივეა, რომ თითო ტონა ნიადაგიდან ერთი ჭიქა წყალი მივიღოთ.

კლავიუსის კრატერი, რომლის მიმდებარედაც მეცნიერებმა წყლის სპექტრული კვალი აღმოაჩინეს. ფოტო: NASA

მეორე ნაშრომის ავტორები ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირის იმ ნაწილზე კონცენტრირდნენ, რომელიც მუდმივად ჩრდილშია მოქცეული და მზის სხივი არასდროს ხვდება. ამგვარი ადგილები, შესაძლოა, წყლის ყინულით იყოს სავსე, ამიტომ მკვლევრებმა ისინი NASA-ს მთვარის ზონდის Lunar Reconnaissance Orbiter მეშვეობით შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ციურ სხეულზე ჯამში 40 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული მცირე ზომის უამრავი მსგავსი ღრმულია, რომელთა უმეტესობაც სამხრეთ პოლუსის მახლობლადაა განლაგებული.

კომპანია Nokia მთვარეზე 4G ქსელს განალაგებს

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ NASA-ს მიერ უახლოეს მომავალში მთვარეზე დაგეგმილი მისიების დროს იქ არსებული წყლის მარაგით სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი, მათ შორის, ასტრონავტების სასმელი წყლით უზრუნველყოფაც. მათ მთვარეზე გაშვებას სააგენტო 2024 წელს გეგმავს. პროგრამა "არტემისის" ფარგლებში განხორციელებული ფრენის მიზანი ჩვენი პლანეტის თანამგზავრის უკეთ შესწავლა და მზის სისტემის წარმოშობისა თუ თავად დედამიწის ფორმირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები